თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის ზოოპარკში ვეტერინარები ერევნიდან ჩამოყვანილ 23 წლის სპილოს, სახელად გრანდს ქირურგიულ ოპერაციას უტარებენ, მას მეორე ეშვი უნდა ამოუღონ.
პირველი, გატეხილი ეშვი სპილოს ოთხი წლის წინ ამოუღეს. მაშინ სპილომ ძალიან ანერვიულა თბილისელები, რომლებიც ოპერაციას ინტერნეტის მეშვეობით ადევნებდნენ თვალს.
„მოწვეული გვყავს მსოფლიოში ცნობილი, გამოცდილი ვეტექიმი და ანესთეზიოლოგი. საოპერაციო ტექნიკურად შესაბამისადაა აღჭურვილი. ამ თემით მსოფლიოში უმსხვილესი სამაუწყებლო კორპორაცია, ველურ ბუნებაზე გადაღებული საოცარი დოკუმენტური სერიალების ავტორი, BBC დაინტერესდა, რომელიც თბილისის ზოოპარკის სპილოს ისტორიას მთელ მსოფლიოს გააცნობს. იმედია, ყველაფერი გართულებების გარეშე ჩაივლის და გრანდი საბოლოოდ გამოჯანმრთელდება", - განაცხადა ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი განცხადებით, ოპერაციის დროს მინიმუმ ათი ადამიანი იმუშავებს. სპილოს ანესთეზია გაუკეთეს და ოპერაცია უკვე დაიწყო.
მასმედიის წარმომადგენლებისთვის მკაცრი რეგულაციებია დაწესებული, რათა ვეტერინარებს მუშაობის მაქსიმალურად მშვიდი გარემო შეექმნათ.
ერთი ეშვის ამოღებას რამდენიმე საათი სჭირდება, ხოლო ასეთი დიდი ცხოველის დიდხანს ნარკოზის ქვეშ ყოფნა საკმაოდ სარისკოა, რადგან ნარკოზიდან მისი გამოყვანა შესაძლოა, გართულდეს.
ექვსტონიანი გრანდი თბილისში 2014 წლის ივნისში ჩამოიყვანეს. მაშინ თბილისისა და ერევნის ზოოპარკებმა ურთიერთგაცვლა გადაწყვიტეს - თბილისელ დედალ სპილოს „საქმრო" სჭირდებოდა, მისი ექვსი წლის შვილი ბუნკა კი გრანდის ნაცვლად ერევანში გაემგზავრა.