თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით 6-7 ოქტომბერს საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ელბაქიძის აღმართიდან რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, „თბილისობის“ დღეებში ავტოტრანსპორტი იმოძრავებს მხოლოდ კოსტავას ქუჩაზე, ფილარმონიის მიმართულებით.
„აღნიშნული შეზღუდვა „თბილისობის“ დასრულებამდე გაგრძელდება“, — ნათქვამია სამინისტროს ვებ-გვერდზე.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „თბილისობა 2018“ 6-7 ოქტომბერს გაიმართება და ამიერიდან დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიცია ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას დამკვიდრდება.
„თბილისობის“ დღესასწაული პირველად 1979 წელს აღინიშნა ცნობილი ქართველი მოგზაურის, ეთნოგრაფისა და ჟურნალისტის გვანჯი მანიას ინიციატივით.
1989-1994 წლებში ქვეყანაში არსებული რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო „თბილისობა“ არ ჩატარებულა.