თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. რეფორმები, რასაც თბილისის მერია ატარებს, დედაქალაქში ტაქსის გაძვირებას გამოიწვევს, განაცხადა „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა „Sputnik–საქართველოსთან".
თბილისის მერიამ ტაქსის ფერი შეარჩია>>>
მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან თბილისში ყველა ტაქსის მძღოლს შესაბამისი ლიცენზია უნდა ჰქონდეს, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან კი ყველა ტაქსი თეთრი ფერის უნდა იყოს.
„მერიამ არ უნდა გაატაროს რეფორმა, რომელიც ტაქსების გაძვირებას გამოიწვევს. ეს ეხება იმ მოთხოვნასაც, რომ ყველა ტაქსი თეთრი ფერის უნდა იყოს - სამღებრო სამუშაოები შეიძლება 1,5 ათასი ლარი ღირდეს. თუ გადაღებვამდე კიდევ რაიმე სამუშაოები იქნება საჭირო, იგი უფრო ძვირი ეღირება", – განაცხადა დავით მესხიშვილმა.
მისი სიტყვებით, თბილისის მერიას თავიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკი უნდა გაეახლებინა და ტაქსების თემაზე შემდეგ გადასულიყო.
„ასეთი გადაწყვეტილებებით მერია ტაქსების გაძვირებას გამოიწვევს. ამ შემთხვევაში მოთხოვნა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გაიზრდება, რომელიც ჯერჯერობით კრიზისს განიცდის და საკმარისი სამგზავრო ადგილების რაოდენობა არ გააჩნია. ასე რომ, ეს რეფორმა თავიდან ბოლომდე შეუსაბამოა და ფერის გარდა არაფერს შეცვლის. ჩემი აზრით, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ასეთ მდგომარეობაშია, ტაქსის ფერისთვის არ გვცალია", – აღნიშნა მესხიშვილმა.
ტაქსების რეფორმის პირველი ეტაპი, რომელიც ტაქსის სერვისის განსახორციელებლად ლიცენზიის აღებას გულისხმობს, 2018 წლის აგვისტოდან დაიწყო, რეგულაცია კი 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება.
ახალი რეგულაციის მიხედვით, ტაქსის მძღოლებს წელიწადში ერთხელ მოუწევთ სპეციალური ნებართვის აღება, რომლის ღირებულებაც 100 ლარს შეადგენს, ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში — 50 ლარს, ხოლო ელექტრომობილის შემთხვევაში ლიცენზიის აღება უფასოა.
თბილისის მერია ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს პრივილეგიებსაც დაჰპირდა.
ქალაქში მათთვის გამოიყოფა სპეციალური, უფასო ადგილები პარკირებისთვის. გარდა ამისა, მათ საკუთარ ავტომობილებზე გამოყოფილი ექნებათ კონკრეტული ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება რეკლამის განთავსება და, რა თქმა უნდა, იქიდან შემოსული თანხა იქნება მათი პირადი საკუთრება. რაც შეეხება ტაქსის მანათობელს, მას მერია მძღოლებს უფასოდ დაურიგებს.