თბილისში 13 ივნისის სიმბოლოდ ქცეულ ბეჰემოთ ბეგის ძეგლს დადგამენ

გამოწერა
წყალდიდობის შემდეგ თბილისის ცენტრში მშვიდად მოსეირნე ბეგის ფოტოებმა მთელი მსოფლიო შემოიარა.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. თბილისში 13 ივნისის სიმბოლოდ ქცეული ბეჰემოთის ძეგლი დაიდგმება და მოხალისეების სახელობის ჯილდო დაწესდება, განაცხადა „მზიურის“ პარკში 13 ივნისის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დედაქალაქის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ.

თბილისს ძლიერი წვიმა, სეტყვასა და ქართან ერთად, 2015 წლის 13 ივნისის ღამეს დაატყდა თავს. ვერეს ხეობაში მომხდარ ტრაგედიას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 2 ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სტიქიამ 200-მდე ოჯახი დააზარალა.

სტიქიის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ქალაქის ინფრასტრუქტურა. დედაქალაქის ზოოპარკის ტერიტორია თითქმის მთლიანად განადგურდა. მისი 600 ბინადრიდან ნახევარზე მეტი სტიქიამ იმსხვერპლა. ზოგიერთი ცხოველი, მათ შორის მტაცებლები, ქუჩაში აღმოჩნდნენ. მტაცებლების ნაწილის დაძინება და მუნიციპალურ თავშესაფარში დაბრუნება შეძლეს, ნაწილის კი ლიკვიდაცია გახდა საჭირო.

ზურაბ მუზაშვილი - ჩვენი დროის გმირი - Sputnik საქართველო
ზურაბ მუზაშვილი – ჩვენი დროის გმირი

13-14 ივნისის წყალდიდობის ღამეს ბეჰემოთი ბეგი ღია ვოლიერში იმყოფებოდა და, როგორც ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე ამბობს, სწორედ ამის გამო გადაურჩა დახრჩობას.

ბეჰემოთის ძეგლის ავტორი ნიკუშა შენგელაია, ხოლო შემსრულებელი ლევან ვარდოსანიძე იქნებიან.

„13 ივნისის ტრაგედიის მეორე დღეს მთელი მსოფლიო საუბრობდა ქუჩაში მოსეირნე ბეჰემოთზე, რომელიც სტიქიას გადაურჩა. შემდეგ ბეგი ერთგვარ სიმბოლოდ იქცა ხელოვანების, მოხალისეების და ამიტომ დედაქალაქის მერიამ გადაწყვიტა, რომ თბილისში დაიდგას ბეჰემოთ ბეგის ძეგლი. ასევე, 2019 წლიდან ყოველ 13 ივნისს იმ მოხალისეების სახელით, რომლებიც სტიქიას შიშველი ხელებით ებრძოდნენ, სხვა მოხალისეებს, რომლებიც თბილისზე მზრუნველნი იქნებიან, ჯილდო გადაეცეთ“, — განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

წყალდიდობის შემდეგ თბილისის ცენტრში მშვიდად მოსეირნე ბეგის ფოტოებმა მთელი მსოფლიო შემოიარა. ბეჰემოთი ბეგი ჟურნალ Time-ის წლის 100 ფოტოშიც მოხვდა.

ბეჰემოთი ბეგი 1999 წელს კალინინგრადის ზოოპარკში ბეჰემოთების წყვილს – ხანსა და მერის გაუჩნდა, შემდეგ იგი თბილისის ზოოპარკს გადმოსცეს.

ყველა ახალი ამბავი
0