კალაძის მეორე სახლი: თბილისის მერმა ანდრეა პირლოს გამოსამშვიდობებელ მატჩში ითამაშა

© courtesy of Kakha Kaladzeკახა კალაძე ანდრეა პირლოს გამოსამშვიდობებელ მატჩში
კახა კალაძე ანდრეა პირლოს გამოსამშვიდობებელ მატჩში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კალაძე და პირლო „მილანში" ცხრა წლის განმავლობაში ერთად თამაშობდნენ

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საფეხბურთო კლუბ „მილანის" ყოფილმა მცველმა, ამჟამად თბილისის მერმა კახა კალაძემ ანდრეა პირლოს გამოსამშვიდობებელ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ბუნებრივია, რომ „ლურჯებისა" და „თეთრი ვარსკვლავების" მატჩი „მილანის" მშობლიურ „სან-სიროს" სტადიონზე ფრედ — 7:7 დასრულდა. სტადიონის ტრიბუნები სავსე იყო.

კალაძე „მილანში" მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდებთან ერთად თამაშობდა, როგორიც არიან კაფუ, ჩირო ფერარა, მარკო მატერაცი, დემეტრიო ალბერტინი, კლარენს ზეედორფი, რონალდინიო, ანდრეი შევჩენკო და სხვა.

„მიხარია, რომ კიდევ ერთხელ მაქვს შესაძლებლობა, ჩემს მეორე სახლში დავბრუნებულიყავი — მილანი, „სან-სირო" — ეს ჩემი მეორე სახლია. თუ რაიმე წარმატებას მივაღწიე, ამ კლუბს, ამ ქალაქს, ამ სტადიონს, ამ ადამიანებს უკავშირდება. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთხელ მაქვს შესაძლებლობა, ჩემს მეგობრებთან ერთად ვითამაშო", — განაცხადა კალაძემ თავის Facebook-გვერდზე განთავსებულ ვიდეოში.

პირლოს გასაცილებლად „თეთრებში" გამოვიდნენ რობერტო ბაჯო, ალესანდრო დელ პიერო, პაოლო მალდინი, ალესანდრო ნესტა, ფილიპო ინძაგი, რონალდო, კრისტიან ვიერი, ფრანჩესკო ტოტი.

თამაშში მონაწილეობა ასევე მიიღეს მათ, ვისაც პროფესიული საფეხბურთო კარიერა ჯერ არ დაუმთავრებია. ესენი არიან: ჯანლუიჯი ბუფონი, დანიელე დე როსი, ანდრეა ბარძალი, ჯორჯიო კიელინი.

ანდრეა პირლომ თითოეულ გუნდში თითო ტაიმი ითამაშა, რის შემდეგ ფეხბურთელებმა მას გამოსამშვიდობებელი ოვაცია მოუწყვეს.

კალაძემ და პირლომ „მილანის" შემადგენლობაში ცხრა წელი (2001-2010) ითამაშეს ერთად. ისინი გახდნენ იტალიის ჩემპიონები (2004), იტალიის თასის მფლობელები (2003), უეფას ჩემპიო0ნთა ლიგისა და უეფას სუპერთასის ორგზის გამარჯვებულები (2003, 2007), მსოფლიოს კლუბური ჩემპიონატის გამარჯვებულები (2007).

პირლო, ასევე, „იუვენტუსის" შემადგენლობაში ოთხჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, მოიგო იტალიის თასი და ორჯერ — სუპერთასი.

იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ის იყო მსოფლიო ჩემპიონი (2006), ევროპის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი (2012) და სხვა.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ 39 წლის პირლომ გასული წლის დეკემბერში განაცხადა.

კახა კალაძე, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, 2012 წელს პოლიტიკურ საქმიანობას შეუდგა. მას ეკავა საქართველოს ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა. გასული წლის შემოდგომაზე მან თბილისის მერის არჩევნებში გაიმარჯვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0