საეკლესიო კალენდარი: 3 იანვარი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმეტეხი
მეტეხი - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2024
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელიეკლესია 3 იანვარს მაკარი მმარხველის, ანტონ II–ის – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მოწამე იულიანას და მისთანა 500 მამათა და 130 დედათა, ნიკომედიას წამებულთა, ასევე მოწამე თემისტოკლეს ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik- საქართველო გიამბობთ, ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მაკარი მმარხველი

წმიდა მაკარი მმარხველი, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთი იმ წმიდა მამათაგანია, რომელთა შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით, მაგრამ ის ფაქტი, რომ მისი სახელი უკვე ათი საუკუნეა იხსენიება საქართველოს ეკლესიის კალენდარში, მრავლისმთქმელია, მრვალისმეტყველია მისი წოდებაც - მმარხველი.
ხახულის მონასტრის წინამძღვარი წმიდა მაკარი უდიდესი ასკეტი და ცნობილი მოძღვარი იყო. მასთან მოდიოდნენ რჩევა-დარიგებისა და კურთხევისათვის როგორც მონაზვნობის მსურველნი და გამოცდილი ბერები, ასევე ერისკაცები. ღირს მაკარის მიჰგვარეს კურთხევისათვის ყრმა გიორგი - შემდგომში უდიდესი მოღვაწე გიორგი მთაწმინდელი, რომელსაც წინასწარ ცნობის ნიჭით დაჯილდოებულმა მამა მაკარიმ თავისი სულიერი შვილი უწოდა. ღირსი მაკარი 1034 წლის ახლო ხანებში გარდაიცვალა.

ანტონ მეორე კათოლიკოსი

ანტონ მეორე დაიბადა 1762 წლის 8 იანვარს. გარდაცვლილი პაპის პატივსაცემად მას თეიმურაზი დაარქვეს. იგი იყო მეფე ერეკლეს II-ისა და დარეჯან დედოფლის ვაჟი. მან იმ დროის კვალობაზე შესაფერისი სწავლა-განათლება მიიღო. იგი სრულიად ახალგაზრდა აღიკვეცა ბერად და თავისი მოძღვრის პატივსაცემად ანტონი უწოდეს.
გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების შემდეგ ერეკლე მეფემ სხვებთან ერთად ახალგაზრდა ბერდიაკონი ანტონი დიპლომატიური მისიით რუსეთში მიავლინა, სადაც იგი ერეკლე მეორის თხოვნით 1784 წელს ეპისკოპოსის ხარისხში აიყვანეს და ნინოწმინდის მღვდელმთავრად აკურთხეს. ამავე წელს ქართლ-კახეთის სამეფოს ნებასურვილით ალავერდის მიტროპოლიტად გაამწესეს.
1789 წელს იგი საქართველოში ბრუნდება და ახალგარდაცვლილი კათოლიკოსის ანტონ პირველის ნაცვლად 27 წლის ანტონ მეორეს საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავრობა ჩააბარეს. ახალგაზრდა პატრიარქი კარგად წარმართავდა საეკლესიო მოღვაწეობას. მის მიერ აღდგენილ იქნა მტერთა შემოსევებისაგან გაპარტახებული ეკლესია-მონასტრები. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ქრისტიანობის განმტკიცების მიზნით მისიონერთა საკმაოდ დიდი ჯგუფი მიავლინა.
რუსეთის იმპერატორმა 1811 წლის 30 ივნისს კათოლიკოსს უბოძა ორი რესკრიპტი. პირველში აღნიშნული იყო, რომ ახალ მმართველობასთან შეუთავსებელი იქნებოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, ამიტომ იგი უნდა გაუქმებულიყო. მეორე რესკრიპტით მას უნარჩუნდებოდა კათოლიკოსის ტიტული და რუს მღვდელმთავრებს შორის მეხუთე ადგილს დაიკავებდა.
დაკარგული ტახტის საკომპენსაციოდ იმპერატორმა სხვადასხვა დროს მას უბოძა ძვირფასი ქვებით შემკული პანაგია, წმ. ანდრია პირველწოდებულის და წმ. ალ. ნეველის ორდენები, დაუნიშნეს წლიური პენსია 54 ათასი მანეთის ასიგნაციით.
პეტერბურგიდან ანტონი მალე მოსკოვში გადავიდა, სადაც ქართული სამეფოს ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ, მაგრამ ნაპოლეონის შემოსევის გამო 1812 წლის აგვისტოში იგი ტამბოვს აფარებს თავს. პროვინციაში ანტონი არავის გახსენებია. მართალია, მას საკმაოდ სოლიდური პენსია ეძლეოდა, მაგრამ მისი ამალის წევრები მის ხარჯზე ცხოვრობდნენ, თანხის დიდ ნაწილს ღარიბ-ღატაკებს ურიგებდა. ასეთი გულუხვობის გამო იგი მუდმივ გაჭირვებაში ცხოვრობდა.
ჩრდილოეთის კლიმატურმა პირობებმა ანტონის ჯანმრთელობა ძლიერ შეარყია. დიდი თხოვნის შემდეგ მას ნება დართეს, პეტერბურგში გადასულიყო, სადაც 1822-1823 წლებში ცხოვრობდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ანტონ მეორემ სამშობლოში დაბრუნება ითხოვა, რაზეც მტკიცე უარი მიიღო. 1824 წელს კათოლიკოსი საცხოვრებლად გადადის ნიჟნი-ნოვგოროდში. ერთხანს იგი დაბინავდება სოფელ ლისკოვში, სადაც მისი ახლო ნათესავები ცხოვრობდნენ.
სიცოცხლის ბოლო წლები კათოლიკოსმა ნიჟნი-ნოვგოროდში გაატარა. მას მფარველობას უწევდა ნათესავი გიორგი ალექსანდრეს ძე გრუზინსკი. ანტონს ადგილობრივი მოსახლეობა დიდ პატივს სცემდა. ფიზიკური გარეგნობით გამორჩეული კათოლიკოსი რუსი მხატვრების შთაგონების წყაროდ იქცა. მათი წყალობით ანტონ მეორის რამდენიმე პორტრეტმა მოაღწია ჩვენამდე.
ანტონ კათოლიკოსი გარდაიცვალა 1827 წლის 21 დეკემბერს.

წმიდა მოწამენი: იულიანა და მის თანა ხუთასი მამა და ასოცდაათი დედა, ნიკომიდიას წამებულნი

წმიდა მოწამე იულიანა დიდებული წარმართის, აფრიკანის ასული, ქალაქ ნიკომიდიაში დაიბადა. იგი ცხრამეტი წლისა იყო, როცა ქალაქ ნიკომიდიის ეპარქ ელევსიზე დანიშნეს. გონიერებით გამორჩეულმა და ზნეკეთილმა იულიანამ შეიცნო წარმართული სარწმუნოების სიცრუე და ამაოება, ირწმუნა ქრისტე და მოინათლა.
როცა ქორწილის დრო მოახლოვდა, მან უარი განაცხადა გათხოვებაზე. მამამ შეაგონა ნეტარს, არ დაერღვია ძველი ნიშნობა, მაგრამ, საწადელს რომ ვერ მიაღწია, განრისხებულმა, საშინლად სცემა ასული. ამის შემდეგ აფრიკანმა იულიანა მისი ყოფილი საქმროს, ქალაქის ეპარქის ელევსის სამსჯავროზე წარადგინა. ელევსიმ სთხოვა წმიდა ქალწულს, ცოლად გაჰყოლოდა, თან აღუთქვა, რომ სარწმუნოების შეცვლას არ აიძულებდა, მაგრამ ნეტარი იულიანა ამჯერადაც მტკიცე უარზე დადგა და ქრისტესთვის მოწამეობა ირჩია.
წმიდანს დიდხანს და სასტიკად ტანჯავდნენ, მაგრამ ყოველი წამების შემდეგ უფლისგან კურნება მიემადლებოდა და ძალები უცხოველდებოდა. წმიდა ქალწულის სიმტკიცემ და სასწაულებრივმა კურნებებმა ბევრ წარმართს გაუხსნა გული და გონება ჭეშმარიტებისათვის, ხუთასმა მამაკაცმა და ასოცდაათმა დედამ კი აშკარად აღიარა ქრისტე. ახალ აღმსარებლებს თავები მოჰკვეთეს.
ელევსი დარწმუნდა, რომ შეუძლებელი იყო ზეციური სასიძოსკენ იულიანას ლტოლვის განელება და მისი სიკვდილით დასჯა ბრძანა. ქრისტეს ტარიგმა სიხარულით მოისმინა განაჩენი, ადიდა უფალი და მშვიდად მოუდრიკა ქედი მახვილს (+304).

წმიდა მოწამე თემისტოკლე

წმიდა მოწამე თემისტოკლე ლუკიის ქალაქ მირონში ცხოვრობდა ღვთისმებრძოლი იმპერატორის, დეკიუსის (249-251) ზეობისას. თემისტოკლე მწყემსი იყო. ქრისტიანთა დევნის დროს წმიდანმა ვინმე მართლმორწმუნე დიოსკორიდე შეიფარა სახლში, თვითონ კი მდევნელებს ჩაბარდა და საშინელი წამების შემდეგ სული უფალს შეჰვედრა (+251).
მასალა მომზადებულიაღია წყაროებზე დაყრდნობით
ყველა ახალი ამბავი
0