ბრძოლა ყირიმისთვის - იოსებ ტუხაშვილის გზა გამარჯვებისკენ
© courtesy of Miranda Oganezovaიოსებ ტუხაშვილი
© courtesy of Miranda Oganezova
გამოწერა
სამამულო ომის ვეტერანს, 100 წლის სოსო ტუხაშვილს იმ ყველაზე დიდ და საშინელ ომზე ბევრჯერ დაუწერია. დღეს ამ გადასახედიდან ცხოვრებას სხვა თვალით უყურებს, მაგრამ ერთში ახლაც დარწმუნებულია: სამყაროში ყველაზე დიდი საშინელება ომია და მასში იმარჯვებს ის, ვინც მართალია!..
როცა 18 წლის ბიჭი იყო და ომზე კი არა, ცხოვრებაზეც არ ჰქონდა წარმოდგენა და მანამდე იარაღიც არასოდეს სჭერია, ცხოვრობდა ბედნიერად კახეთის ერთ დიდ სოფელში, სახელად ბოდბისხევი. მერე კი ყველაფერი ერთ დღეში შეიცვალა და ისიც ომის დასრულებამდე იბრძოდა. გამარჯვების დღეს — 9 მაისს სევასტოპოლში შეხვდა.
ბატონი სოსო მაღალ ჩინს არასოდეს გამოჰკიდებია, მსახურობდა 414-ე დივიზიაში, მონაწილეობა აქვს მიღებული: ანაპის, ჩრდილო კავკასიის, ყირიმისა და ყუბანის ბრძოლებში. სტალინის ოთხი მადლობა დაიმსახურა…
© photo: courtesy of Miranda Oganezovaიოსებ ტუხაშვილი
იოსებ ტუხაშვილი
© photo: courtesy of Miranda Oganezova
- ბატონო სოსო, ცოტანი დარჩით ვეტერანები საქართველოში…
— დიახ, ცოტანი დავრჩით, ზუსტი ციფრი არ ვიცი, მაგრამ სადღაც 170-მდე ვართ… ერთმანეთთან შეხვედრას იშვიათად ვახერხებთ. ყველას მარტო 9 მაისს ვახსენდებით. ყურადღება ძალიან გვაკლია… იცით? როგორი შემართება იყო ომის დროს?— ყველა მზად იყო, რომ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოლა. ახლა სადღაა ასეთი შემართება?…
- ომის გამოცხადების შესახებ როგორ და სად შეიტყვეთ?
— მე ვარ სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევიდან, რომელიც კახეთის ერთ-ერთი დიდი სოფელია. იმ დღეს სოფლის ბაზარზე წავედი. მაშინ როგორ იყო, იცით? დიდი. თეფში-რადიოები იყო, რომელსაც ბაღებში, ბულვარებსა და თავშეყრის ადგილებში ამაგრებდნენ. მახსოვს, კვირა დღე იყო და რადიომ გამოაცხადა, რომ ომი დაიწყო. ლევიტანმა ისეთი ტონით გამოაცხადა, რომ ტანში ჟრუანტელმა დაგვიარა… სულ ასე იყო, როცა მას ვუსმენდით. მე თუ მკითხავთ, ომი მართლა მან მოიგო! მოკლედ გამოცხადდა ომი და ბაზარში ხალხი აქეთ-იქით დაიფანტა, ზოგი პირქვე დაეცა, ზოგმა ტირილი დაიწყო, ზოგი გაოგნებული იდგა…
© photo: courtesy of Miranda Oganezovaიოსებ ტუხაშვილი, გელარ ბაქრაძე, ტიტე ლეფსაია და მიხაილ მიატლიკოვი
იოსებ ტუხაშვილი, გელარ ბაქრაძე, ტიტე ლეფსაია და მიხაილ მიატლიკოვი
© photo: courtesy of Miranda Oganezova
- თქვენ როდის წახვედით ფრონტზე?
— ომში სექტემბერში წამიყვანეს, როცა ომი უკვე დაწყებული იყო. პირველად ჩამიყვანეს გორში, რომელიც მაშინ ამიერკავკასიის გამანაწილებელი პუნქტი იყო. ჯერ კარანტინში ვიყავი და მერე სამხედრო გზით ორჯონიკიძეში გადამიყვანეს. ორჯონიკიძე უკვე გერმანელების ცეცხლის ალში იყო გახვეული. ნოემბრის 6-ში უკვე ფრონტის წინა ხაზზე გამიყვანეს.
- ბატონო სოსო, გულწრფელად მითხარით, არ შეგეშინდათ?
— როგორ არ შემეშინდა,18 წლის სოფლელი ბიჭი ვიყავი, ჩემს გვერდით ჩემზე პატარებიც იყვნენ, მაგრამ რას ვიზამდით? მანამდე იარაღი არასოდეს მჭერია ხელში. სამხედრო გზაზე რომ მივდიოდით, სამხედროების არავითარი მოძრაობა არ შეინიშნებოდა. იქიდან ხალხი, ლტოლვილები მორბოდნენ, დაჭრილები მოჰყავდათ — საშინელი სანახავი იყო. ნოემბრამდე ზურგში თავდაცვაში ვიყავით და ომისა და ტყვიამფრქვევების მარტო ხმა გვესმოდა. ჩვენი მეთაური წარმოშობით ოსი გაბარაევი, ძალიან კარგი ადამიანი და განათლებული პიროვნება იყო.
© photo: courtesy of Miranda Oganezovaრობინზონ მოსაშვილი და იოსებ ტუხაშვილი, სიმფეროპოლი
რობინზონ მოსაშვილი და იოსებ ტუხაშვილი, სიმფეროპოლი
© photo: courtesy of Miranda Oganezova
- ფრონტის წინა ხაზზე სად აღმოჩნდით?
— ერთ დღეს გაბარაევს შტაბში დაუძახეს და უთხრეს, რომ ამ საღამოს ფრონტის წინა ხაზზე გავდივართო, იქ ირგვლივ ინგუშებისა და ოსების სოფლებია… საღამოს გაგვიყვანეს და ღამე მივდიოდით. მეთაური თან გვაფრთხილებდა: „სიჩუმე!“, ანუ ამ დროს ხმაური არ შეიძლებოდა… გერმანელებს იმ დროისათვის ძალიან ძლიერი ტექნიკა ჰქონდათ. თვითმფრინავები უშვებდა პარაშუტს, რომელიც 30 წუთი ენთო და გარემოს ისე ანათებდა, რომ ირგვლივ მთელი ტერიტორია ჩანდა. ეს კი საჭირო იყო, რადგან ჯარი ღამე მოძრაობს ხოლმე. ჩვენ არ ვიცოდით სად მივდიოდით. ადგილზე რომ მიგვიყვანეს, უკვე თენდებოდა. ღამის ოთხ საათზე სროლა დაიწყო. გვითხრეს, რომ გერმანელები ერთ დიდ დასახლებაში არიანო. დაიწყეს ქვემეხების სროლა, რომელიც ჩვენს თავზე გადადიოდა. ესროდნენ სწორედ იმ გზას, რომელიც თბილისიდან ორჯონიკიძეში შედის…
- ბატონო სოსო, შემდეგ ყირიმშიც იბრძოდით, არა?
— დიახ, ჯარს გავყევი ყირიმამდე, სადაც 1943 წლის ოქტომბერში შეგვიყვანეს. ყირიმი საშინელი ფრონტი იყო, რადგან იქ გერმანელებმა სამი დივიზია ჩაძირეს. საბორნე გადასასვლელი, რომელიც აზოვისა და შავი ზღვას შორისაა ზუსტად ათი კილომეტრია. იქ გადასვლაზე, წარმოგიდგენიათ, რიგი იყო. ყუბანის ბრძოლის დროს ლესელიძეს შევხვდი, ძალიან უშიშარი კაცი იყო და მისი მოქმედება ყველას აღაფრთოვანებდა. ჩვენი, ანაპის 414-ე დივიზია დასავლეთში აღარ წასულა. იქ ბევრი ქართველი დაიღუპა…
- გამარჯვების დღეს სად შეხვდით?
— 9 მაისს სევასტოპოლში შევხვდი. ლევიტანმა რომ გადმოსცა, ომი დამთავრდაო, ისეთი ამბავი მოხდა, ხალხი ბედნიერებისგან ყვიროდა, ირგვლივ ყველა სახის იარაღი ისროდა.
© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი და იოსებ ტუხაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი და იოსებ ტუხაშვილი
წელს, 9 მაისს, იოსებ ტუხაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შინ ესტუმრა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს გამარჯვების დღე პირადად მიულოცა.