ომგამოვლილი ქალები საქართველოდან: ხუთი ისტორია

© photo: Sputnik / Stringerსაკონცენტრაციო ბანაკის ტანსაცმელზე სატარებელი ნიშანი
საკონცენტრაციო ბანაკის ტანსაცმელზე სატარებელი ნიშანი - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2023
გამოწერა
მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასზე მეტი ადამიანი გაიწვიეს. მათ შორის მრავლად იყვნენ ქალებიც.

Sputnik საქართველო  ფაშიმზე გამარჯვების დღეს ულოცავს ყველა ვეტერანს და საქართველოს მკვიდრი ხუთი უმამაცესი ქალის ისტორიას იხსენებს

„კავკასიელი ველური“

ბათუმელ გოგოლა კარანაძეს ომმა მეათე კლასში მოუსწრო. ომის დაწყების შესახებ სკოლის დირექტორმა პირდაპირ გაკვეთილებზე ამცნო მოსწავლეებს... და გოგოლამაც მაშინვე გადაწყვიტა ფრონტზე წასვლა.

მშობლები, ნათესავები და მეზობლები ეწინააღმდეგებოდნენ, რა დროს შენი ომიაო, მაგრამ ჯიუტად იმეორებდა, წყალს მაინც მივაწვდი ჯარისკაცებსო.

რადიოტელეგრაფისტის სამთვიანი კურსები გაიარა ხარკოვში, საიდანაც ფრონტზე გაგზავნეს მზვერავად. მალე „კავკასიელი ველური“ (кавказская дикарка) შეარქვეს —  ომში უგრძესი შავი თმებით წავიდა და უკანაც ასე დაბრუნდა, თმაშეუჭრელი.

გოგოლა კარანაძე კავკასიის ფრონტზეც იბრძოდა და უკრაინაშიც. 1945−ში კი დრეზდენში მეორე ფრონტს შეუერთდა. მისმა გამბედაობამ და თავგანწირვამ სამი ბატალიონი იხსნა განადგურებისგან. თუმცა თავად მძიმედ დაიჭრა თვალში — ერთი თვე იწვა დრეზდენის ჰოსპიტალში.

როდესაც 45−ის აგვისტოში შინ დაბრუნდა და მამამ დაინახა, კაცმა ყველას გასაგონად იყვირა: ბიჭებო, შეხედეთ, ჩემი გოგო ომიდან დაბრუნდაო!

კეთილი ექიმი

© photo: courtesy of Ekaterina Amirbegovaეკატერინე ამირბეგოვა დაჭრილ მეომრებთან ერთად ჰოსპიტლის ეზოში
ომგამოვლილი ქალები საქართველოდან: ხუთი ისტორია    - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2023
ეკატერინე ამირბეგოვა დაჭრილ მეომრებთან ერთად ჰოსპიტლის ეზოში

„თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი. ერთ დღესაც მეგობართან, მარიკა სვანიძესთან ვიყავი სტუმრად. უცბად ვიღაცამ მამამისს რუსულად დაუძახა გარედან: Амбросий Павлович, Амбросий Павлович, война началась! რადიო ჩავრთეთ. დიქტორი ლევიტანი იუწყებოდა, რომ გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა, დილის ოთხ საათზე, ომის გამოუცხადებლად შეუტიეს საბჭოთა კავშირის საზღვრებს... ეს იყო საშინელება! მაშინვე შინ გავიქეცი. ქალაქის ქუჩები უკვე ცარიელი იყო. მხოლოდ ახალგაზრდები ჩანდნენ, რომლებიც იღლიაში ამოჩრილი ფუთებით მიიჩქაროდნენ სამხედრო კომისარიატისკენ. ეს ომის პირველი დღე იყო“, — იხსენებს ომის ვეტერანი, ღირსების ორდენის კავალერი ეკატერინე ამირბეგოვა.

ოცი წლის იყო, ომში რომ წავიდა. მაშინ თბილისის სამედიცინო ინსტიტუტმა ფრონტზე სამი ათასზე მედმუშაკი გაგზავნა. ეკატერინე ევაკოჰოსპიტალში გამწესდა, სადაც ყველაზე მძიმედ დაჭრილები შეჰყავდათ. უანრავი სიცოცხლე გადაარჩინა. წუთით არ შორდებოდა დაჭრილებს.

© courtesy of Ekaterina Amirbegovaექიმები: სოფია ბუაჩიძე, ეკატერინე ამირბეგოვა და ნელი დადიანი, 1943 წელი
ომგამოვლილი ქალები საქართველოდან: ხუთი ისტორია    - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2023
ექიმები: სოფია ბუაჩიძე, ეკატერინე ამირბეგოვა და ნელი დადიანი, 1943 წელი

1945 წლის 9 მაისსაც ჰოსპიტალსი მორიგეობდა, როდესაც ხელმძღვანელობამ ომის დამთავრება ახარათ. უეცრად მთელი პერსონალი გარეთ, ქუჩებში გამოეფინა. მედიკოსებს გზადაგზა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები და მიხაილოვის საავადმყოფოს ექიმებიც შეუერთდნენ. ყველანი რუსთაველის პროსპექტისა და მაშინდელი ლენინის მოედნისკენ მიიჩქაროდნენ, სადაც უკვე ჟღერდა მუსიკა...  

ეკატერინა ამირბეგოვამ მთელი 70 წელი იმუშავა ექიმად. დამსახურებულ პენსიაზე 2012−ში გავიდა. უამრავი ორდენითაა დაჯილდოებული, თუმცა მიაჩნია, რომ მისი ყველაზე დიდი ჯილდო — ეს მის მიერ გადარჩენილი სიცოცხლეებია.

როცა მთელი ცხოვრება ომია

ევდოკია კლიმოვა ყველაზე უხნესია საქართველოში მცხოვრებ ვეტერანებს შორის − 103 წლის გახლავთ ომგამოვლილი ქალბატონი.

© Sputnik / Vladimir Umikashviliევდოკია კლიმოვა
ომგამოვლილი ქალები საქართველოდან: ხუთი ისტორია    - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2023
ევდოკია კლიმოვა

ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა, სმოლენსკში ცხოვრობდა დიდ ოჯახთან — ძმებთან, დებთან, მშობლებთან ერთად. 17 წლისა საფეიქრო სპეციალობას დაეუფლა, მერე კი გათხოვდა და 1940 წელს ვაჟიც შეეძინა. მერე კი... მერე კი იყო ომი.

სხვა ბევრის მსგავსად ევდოკიასაც მოუხდა ომში წასვლა — ფრონტზე სანიტრად წავიდა.

„შვილი დედაჩემთან დავტოვე და ფრონტზე წავედი, - იგონებს ევდოკია. - ყველანი ნებაყოფლობით წავედით. ადრე ახალგაზრდობა ასეთი იყო. როცა გერმანელი მოდიოდა, ჩვენ ოკუპაციაში მოვხვდით, პარტიზანებად გავიხიზნეთ. როდესაც 1943 წელს ჩვენებმა მოსკოვი დაიბრუნეს, გერმანელები უკვე გარბოდნენ!“

როგორ მოხვდა ბელორუსიის პირველ ფრონტზე, ევდოკიას აღარ ახსოვს. ეს ფრონტი 1944 წლის 24 თებერვალს შეიქმნა ბელორუსიის, პოლონეთის გასათავისუფლებლად და ბერლინისთვის ბრძოლაში გადამწყვეტ როლს ასრულებდა.

© Sputnik / Vladimir Umikashviliფოტო ევდოკია კლიმოვას საოჯახო ალბომიდან
ომგამოვლილი ქალები საქართველოდან: ხუთი ისტორია    - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2023
ფოტო ევდოკია კლიმოვას საოჯახო ალბომიდან

ეს ცხელი დღეები და ღამეები იყო. იმ დროის მოგონებები ევდოკიას მეხსიერებაში ძალიან ბუნდოვანია. აგონდება ცალკეული კადრები, დაბომბვა, მეომრების სიკვდილი, ტკივილი, სიცივე, ცრემლი... კლიმოვა ყოველდღე ცდილობდა დაჭრილების გადარჩენას და ყოველღამ ელოდა განთიადს.

ევდოკიამ უნგრეთამდე ჩააღწია, სადაც სერიოზულად დაიჭრა. ჰოსპიტალში იწვა, როდესაც ომი დამთავრდა.

ევდოკია კლიმოვას მეუღლე 1943 წელს დაიღუპა სმოლენსკთან. მაგრამ ბედმა ქალისთვის კიდევ ერთი პირადი სიხარული გაიმეტა. ფრონტზე ქართველი კაპიტანი — გიორგი ლორთქიფანიძე გაიცნო. ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ და მალევე დაქორწინდნენ. ასე აღმოჩნდა ქალი საქართველოში.

საკონცენტრაციო ბანაკის შვილი

ზოია რაისიანი დედით რუსია, მამა კი ქართველი−სომეხი ჰყავდა. 1942 წელს დაიბადა ქალაქ ორიოლში, სადაც მშობლები ომის ინ გადავიდნენ საცხოვრებლად.

© Sputnik / Denis Aslanovზოია რაისიანი თავისი ბავშვობის ფოტოებით
ომგამოვლილი ქალები საქართველოდან: ხუთი ისტორია    - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2023
ზოია რაისიანი თავისი ბავშვობის ფოტოებით

„43−ში ორიოლი ოკუპირებული იყო. ცოტა ხანს ოკუპაციაში მოგვიხდა ცხოვრება, მერე კი გერმანელებმა ახალგაზრდების იძულებით გაგზავნა დაიწყეს გერმანიაში სამუშაოდ. ასე მოვხვდით მე და დედა შტუტგარტში“, — იხსენებს ქალბატონი ზოია.

მაშინ სულ სამი წლისა იყო. გერმანელები დედებს ბავშვების წაყვანის უფლებას აძლევდნენ. შტუტგარტში ბავშვთა ბარაკები იყო სპეციალურად მათთვის. ზოიას დედა სხვებთან ერთად მუშაობდა სატვირთო მატარებლების დაცლაზე, მერე კი შვილისკენ მიიჩქაროდა.

მამა ავსტრიის მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა. გარკვეული დროის შემდეგ ზოია და დედამისიც საკონცენტრაციო ბანაკში გაამწესეს, ოღონდ ჩეხეთის ტერეზინში. იქ ბავშვებისთვის ცალკე ბლოკი არსებობდა, სადაც მშობლებს შესვლა ეკრძალებოდათ. და დედები, სიცოცხლის რისკის ფასად, ფარულად მიძვრებოდნენ ხომე ღობესთან, რომ შვილები შორიდან მაინც დაენახათ.

პატარა ზოიას გაუმართლა — ადგილობრივი გესტაპოს მეთაურის ცოლმა მიაქცია ყურადღება. ეს ახალგაზრდა, უშვილო გერმანელი ქალი იყო, რომელსაც ძალიან უნდოდა გოგონას შვილად აყვანა, მაგრამ რუსი ბავშვის შვილების უფლება არ მისცეს.

„მაშინ მან პრაღაში რუსი ქალი მოძებნა − ანასტასია შიროკა, რომელსაც ჩეხი ქმარი ჰყავდა, ანდრეი განკე. გესტაპოს მეთაურის ცოლმა მათ სთხოვა ჩემზე, იშვილეთ, თორემ საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპებაო. ასე გადავრჩი“, — გვიამბობს ქალბატონი ზოია.

ახალი მშობლები თავს ევლებოდნენ ბავშვს, რომ იტყვიან, ცივ ნიავს არ აკარებდნენ. ამასობაში საბჭოთა ჯარებმა საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეები გაათავისუფლეს და ზოიას დედამ შვილის ძებნა დაიწყო. გესტაპოელის ცოლს მოესწრო და ეცნობებინა მისთვის, რომ ზოია პრაღელმა წყვილმა იშვილა, მაგრამ ზუსტი მისამართი არ იცოდა.

© Sputnik / Denis Aslanovპატარა ზოია დედობილთან ერთად
ომგამოვლილი ქალები საქართველოდან: ხუთი ისტორია    - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2023
პატარა ზოია დედობილთან ერთად

დედა ლიდიამ მოგვიანებით უამბო, რომ პრაღის რუკა შეიძინა, კვადრატებად დაჰყო და ქალაქის „ჩხრეკას“ შეუდგა. რამდენიმე თვის შემდეგ ზემიდელსკაიას ქუჩაზე მოხვდა, სადაც ოთხ ნომერში ზოია ცხოვრობდა თავის დედობილ−მამობილთან ერთად.  მშობელი დედა მას უკვე აღარც ახსოვდა. რაღაც დროის სემდეგ ლიდიამ შვილის დაბრუნება შეძლო...

ამასობაში ზოიას მამა ახალქალაქში დაბრუნებულიყო, მაგრამ როგორც  საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეს ქვეყნიდან გასვლის უფლება არ ჰქონდა. ამიტომ მისი ცოლ−შვილის საძებნელად ბიძამისი და ძმა წავიდნენ...

ზოიას დედა მთელი ცხოვრება ინახავდა საკონცენტრაციო ბანაკის ხალათის ნაგლეჯს. ახლა მას ზოია და მისი ოთხი ქალიშვილი ინახავს...

გამარჯვებისა და სიყვარულის ისტორია

ვალენტინა ბობკინა თითქმის 16 წლისა იყო, როდესაც გერმანელები როსტოვში შევიდნენ. ასაკიდან გამომდინარე, მუშათა ბანაკში გაამწესეს და გერმანიაში გაგზავნეს.

© Sputnik / Ekaterina Mikaridzeვალენტინა ბობკინა
ომგამოვლილი ქალები საქართველოდან: ხუთი ისტორია    - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2023
ვალენტინა ბობკინა

„მექანიკურ ქარხანაში რაღაც ნაწილებს ვამზადებდით. რაჩ მილებს მაძლევდნენ, ოსტატი მაჩვენებდა, რა უნდა გამეკეთებინა და მეც „ბალვანკებს“ ვჭრიდი. ქარხანაში ქალებიც მუშაობდნენ და კაცებიც. დილის შვიდ საათზე ვიწყებდით და ღამმის 12−მდე ვშრომობდით. მუდმივად გვშიოდა... “, — იხსენებს ქალბატონი ვალენტინა მძიმე წლებს.

შრომით ბანაკში ქალაქში მოკავშირე ამერიკული ჯარების შესვლამდე იყო. მერე ხალხით გადაჭედილ მატარებელში ჩაჯდა და სამშობლოსკენ დაიძრა. როსტოვამდე ჯერ კიდევ შორი იყო, რომელიღაც ქალაქში გაჩერდნენ. ღამის გასათევად ხალხის ყოფილ გერმანულ ციხეში დროებით განთავსება პოლიტხელმძღვანელ შალიკოს დაევალა. ვალია კი ლამაზი, კარგად აღნაგი გოგო იყო. 15 წლით უფროსმა შალიკომაც თვალი დაადგა და რომანიც გაჩაღდა... მერე კი ერთად დაბრუნდნენ საქართველოში.

ყველა ახალი ამბავი
0