დაავადებათა კონტროლის ცენტრი ბანერებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

© Sputnik / STRINGERდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2021
გამოწერა
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სისხლიანი ბანერები ზემოდან გადააკრეს სხვა ბანერებზე, რომელიც მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებდა
თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ არანაირი კავშირი არ აქვს ოპოზიციის ანტირეკლამის შემცველ ბანერებთან, რომლებიც თბილისში შაბათს გამოჩნდა.
მასმედიის საშუალებებით გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „სისხლიანი ბანერები“ ზემოდან გადააკრეს სხვა ბანერებზე, რომელიც მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებდა და ეს ფაქტი ზოგიერთმა საინფორმაციო არხმა დაუკავშირა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს.
„სისხლიანი ბანერები“ ქალაქში გამოჩნდა ადგილობრივ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე. არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

„თუ ვაქცინაციის მოწოდების ბანერების სხვა შინაარსის ბანერებით ჩანაცვლება სიმართლეს შეესაბამება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გმობს ამ ფაქტს და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მას ამ პროცესთან არავითარი კავშირი არ აქვს“, - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

ცენტრი ასევე აცხადებს, რომ არის ზოგადად ვაქცინაციის და კერძოდ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ერთერთი მთავარი მხარდამჭერი და განმახორციელებელი ქვეყანაში; მუდმივად მასობრივი და სოციალური მედიის საშუალებებით მოუწოდებს მოსახლეობას, რომ კოვიდპანდემიის დასრულების მთავარი გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციაზე.
გარდა ამისა, აღინიშნა, რომ ცენტრმა ვაქცინაციის სააგიტაციო ბანერებზე მნიშვნელოვანი თანხა გამოყო, ხოლო რა გაჩნდება სარეკლამო ფარებზე ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, ეს ცენტრზე დამოკიდებული არაა.
პირველად სარეკლამო ფარი წარწერით „არა ნაცებს, არა ბოროტებას“ გაჩნდა თბილისში 2018 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
წინასაარჩევნო რეკლამა - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2021
გახარია და სააკაშვილი ერთ ბანერზე: წინასაარჩევნო ბრძოლა ქუჩებში გრძელდება
ბანერებზე, რომლებიც ქუჩის სარეკლამო ფარებზე ვაქცინაციის სარეკლამო ბანერებზე გადააკრეს, თეთრ ფონზე სისხლიანი ლაქებით გამოსახულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თბილისის მერობის კანდიდატი უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ნიკა მელია, კანდიდატი პარტიიდან „საქართველოსთვის" და ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, ოპოზიციური „მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, „ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია და ტელეარხ „ტვ პირველის" წამყვანი ნოდარ მელაძე. ბანერი ხელმოწერილია სიტყვებით „არა „ნაცმოძრაობას“, არა ბოროტებას, არა ღალატს".
რაც შეეხება „სისხლიანი ბანერების“ განთავსების იდეას, მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ ბანერებთან კავშირს უარყოფენ. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ბანერების გაკვრაში ხელისუფლებაა გარეული.
თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მერიას აღნიშნულ ბანერებთან არანაირი კავშირი არ აქვს.
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იდეის ერთ-ერთი ავტორი ბიზნესმენი მიხეილ გაბრიაძეა.
ოპოზიციური მედიასაშუალებების მონაცემებით, „სისხლიანი ბანერების“ განთავსების უკან დგას საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე. მის სახელს უკავშირდება კომპანია Wissol Petroleum Georgia, Smart-ის ქსელი, სწრაფი კვების რესტორნები Wendy's.
ყველა ახალი ამბავი
0