ხუთი ყველაზე შემაძრწუნებელი და მისტიკური ადგილი მსოფლიოში

© Pixabay / 8385თავის ქალა, ქვიშის საათი და მისტიკური წიგნები
თავის ქალა, ქვიშის საათი და მისტიკური წიგნები  - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
გამოწერა
დედამიწაზე უამრავი საოცარი, იდუმალი და საშიში ადგილი არსებობს, რომლებიც ადამიანების გაოცებას და განცვიფრებას დღემდე ახერხებენ.
რაც უფრო უცნაური და საშიშია ესა თუ ის ადგილი, მით უფრო პოპულარული და მიმზიდველია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც მოგზაურობა და ახალი შთაბეჭდილებების მიღება სურთ. მოდით განვიხილოთ ხუთი ყველაზე იდუმალი და ანომალიური ადგილი დედამიწაზე.
პარიზული კატაკომბები, საფრანგეთი
პარიზის მიწისქვეშა კატაკომბები საკანალიზაციო ქსელსა და მეტროზე კიდევ უფრო ღრმად არის მიწაში განლაგებული. კატაკომბების ლაბირინთი შემზარავი, საშიში, მაგრამ ამავე დროს იდუმალი სანახაობაა – აქ XI საუკუნის შემდეგ გარდაცვლილი 6 მილიონზე მეტი პარიზელის ძვლებია შენახული. თუმცა გარდაცვლილთა თავიდანვე ასე დაკრძალვა არავის განუზრახავს.
კატაკომბების შექმნა XVIII საუკუნის შუა წლების პარიზში დატრიალებულმა ამბავმა განაპირობა. ამ დროისთვის ქალაქის სასაფლაოები წარმოუდგენლად იყო გადატვირთული. XVIII საუკუნის შუა წლებში პარიზის ყველაზე დიდ ,,წმინდა უცოდველთა სასაფლაოზე“ 2 მილიონზე მეტი საფლავი იყო. ერთ საფლავში სხვადასხვა სიღრმეზე სხვადასხვა პერიოდის 8–10 ნეშტი იყო ერთმანეთზე დაკრძალული. 1418 წელს „შავი სიკვდილის“, იგივე ,,ბუბონური შავი ჭირის“ ეპიდემიისგან 50.000 ადამიანი გარდაიცვალა. მათ ერთდროულად კრძალავდნენ სასაფლაოზე, ამას დაემატა 1572 წელს ბართლომეს ღამის ათასობით მსხვერპლიც. ქალაქში დატრიალებულ სიმყრალეს ვერაფერს უხერხებდნენ და გადაწყვიტეს სასაფლაოები დაეკეტათ, რასაც სასტიკად ეწინააღმდეგებოდა სამღვდელოება. მათი წინააღმდეგობის მიუხედავად, 1763 წელს პარიზის პარლამენტმა ქალაქის ციხე-სიმაგრის შემოგარენში მიცვალებულთა დაკრძალვა აკრძალა. გადაწყდა გაეთავისუფლებინათ ქალაქის სასაფლაოები საუკუნოვანი ნეშტებისგან და ძვლები XV საუკუნის შემდეგ მიტოვებულ მიწისქვეშა კარიერებში გადაეტანათ.
15 თვის განმავლობაში უწყვეტად ეზიდებოდნენ ბადრაგები ძვლებს, ძირითადად ღამით. დეზინფექციას უკეთებდნენ და მიწისქვეშა კარიერში ალაგებდნენ. შედეგად – პარიზში 17 დიდი სასაფლაო და 300 საკულტო ადგილი გათავისუფლდა. 1786 წლიდან ძვლების მიწისქვეშა ლაბირინთს კატაკომბები დაერქვა, რომის კატაკომბების ანალოგიით. კატაკომბებში, მაგალითად, ცნობილი მწერლები – შარლ პერო და ფრანსუა რაბლე არიან დამარხული.
თოჯინების კუნძული, მექსიკა
მექსიკაში, დედაქალაქიდან სამხრეთით პატარა კუნძული La Isla de la Munecas მდებარეობს, რაც ესპანურიდან ითარგმნება როგორც „თოჯინების კუნძული“. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ტურისტული ადგილია. ეს ისტორია მაშინ დაიწყო, როცა განდეგილი, სახელად ჯულიან სანტანა საცხოვრებლად ამ კუნძულზე გადმოვიდა. მან გაურკვეველი მიზეზის გამო მიატოვა ცოლი და ცხოვრების უკანასკნელი 50 წელი განდეგილობაში გაატარა.
ლეგენდის მიხედვით, ამ კუნძულზე სასეირნოდ სამი პატარა გოგონა მივიდა. შემთხვევით ერთ-ერთი მათგანი დაიხრჩო, ხოლო მისი სული ამ ადგილებში დარჩა და გამვლელებს „აწუხებდა“.
ჯულიანი ის ადამიანი იყო, ვინც გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ბავშვი იპოვა და ვერ შეძლო მისი გადარჩენა (თუმცა ოფიციალური წყაროებით ეს არ დასტურდება). შემდეგ კი მდინარეზე მოტივტივე თოჯინა დაინახა, ჩათვალა რომ ის გოგონას ეკუთვნოდა და ხეზე დაკიდა. შემდეგ გარდაცვლილი გოგონას სულის დასამშვიდებლად თოჯინების შეგროვება და გამოფენა განაგრძო. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ჯულიანი ამ კუნძულს ტოვებდა, ახალი თოჯინების შეგროვება იყო. ეძებდა ნახმარ თოჯინებს ყველგან, სადაც ხელი მიუწვდებოდა, ხშირად საჭმელშიც კი ცვლიდა.
ჯულიანი 2001 წელს გარდაიცვალა. ცხედარი მისმა ნათესავმა იპოვა ზუსტად იმავე ადგილზე, სადაც ოდესღაც გოგონა დაიღუპა. ჯულიანის გარდაცვალების შემდეგ თოჯინების მოტანა ვიზიტორებმა გააგრძელეს.
დაკიდებული კუბოები, ფილიპინები
მსოფლიოს სხვადასხვა კულტურაში მიცვალებულებს მიწას მიაბარებენ და საფლავს მონუმენტით, ან მემორიალური დაფით აღნიშნავენ ხოლმე. მაგრამ ჩინეთში, ინდონეზიასა და ფილიპინებზე ზოგიერთი ხალხი კუბოებს პირდაპირ ფრიალო კლდეებზე, მიწიდან დიდ სიმაღლეზე კიდებს.
ერთ-ერთი ასეთი ადგილი ფილიპინებში, კერძოდ კი საგადას კუნძულზეა. თუ აქ მოგიწევთ მოგზაურობა, აუცილებლად შეხვდებით კლდეებზე დაკიდულ კუბოებს.
იგოროტის ტომის წევრების აზრით, თუ მიცვალებულების ნეშტს კუბოთი კლდეზე გამოკიდებენ, ასე მათ ხსოვნას უკვდავყოფენ, ხოლო მიცვალებულის სხეულიც უკეთ, დიდი ხნის განმავლობაში შეინახება.
კაილასის მთა, ტიბეტი
კაილასი იდუმალებით მოცული მთაა, რომელიც დასავლეთ ტიბეტში მდებარეობს. მისი დაპყრობა ბევრმა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. მისი უცნაურობა პირამიდასთან მსგავსებით არის განპირობებული. ის ეგვიპტის პირამიდებთან ერთ ხაზზეა განლაგებული.
ინდუისტები თვლიან, რომ ამ მთის კენწეროზე ღმერთი შივა იმყოფება. ამის გამო, რელიგიური პოსტულატების თანახმად, მასზე ასვლა აკრძალულია. მთის წვერზე არც ერთი ადამიანი არ ყოფილა. ასვლის დროს მათ რაღაც ემართებოდათ და კვდებოდნენ, ან ჭკუიდან იშლებოდნენ და ვერ იხსენებდნენ რა უნდოდათ, ან როგორ აღმოჩნდნენ იქ.
პილიგრიმები ამ მთას წრეს არტყამენ საათის ისრის მიმართულებით, ეს გარე წრეა, ვინც მას 13-ჯერ შემოუვლის, მერე შეუძლია შიგა წრეზე შესვლაც. უცხოელები, რომლებმაც შეძლეს შიგა წრეზე შესვლა, დიდხანს ცხოვრობენ. მსურველებისთვის ეწყობა სხვადასხვა ტურისტული მარშრუტებიც. ასეთი მარშრუტების დროს ტურისტების მთასთან ახლოს მისვლა სახიფათოა, რადგან ბევრ მათგანს სურს ხელით შეეხოს წმინდა მთას. ეს კი რელიგიური და მორწმუნე ადგილობრივებისთვის მკრეხელობაა და ასეთი ტურისტისთვის შედეგი სავალალო შეიძლება იყოს.
სამხრეთ წახნაგზე მთას ღრმა ნაპრალი აქვს, რაც დიდი მიწისძვრის შედეგად გაჩნდა, მზის ჩასვლისას კი ჩრდილების ფონზე სვასტიკის ფორმა ეძლევა. ჰაერის უკმარისობის გამო ახლო მისვლისას ხედავენ არარსებულ ნივთებს, ესმით არარსებული ხმები, ზოგი ვერც ლაპარაკობს, ამბობენ, რომ ურწმუნოებს მთა არ უშვებს ახლოს. მთაზე ასვლის უფლება მხოლოდ ორჯერ გაიცა – ერთხელ თანხმობა 1985 წელს იტალიელმა ალპინისტმა მიიღო, რომელსაც სხვა უამრავი მთა ჰქონდა დალაშქრული. თუმცა შემდეგ თავად თქვა უარი ასულიყო კაილასზე, მიზეზები არ დაუსახელებია. მეორედ 2000 წელს გაიცა უფლება, ისიც საოცრად დიდი თანხის ფასად, მაგრამ ასვლა ვერ მოხერხდა ათასობით მორწმუნის წინაააღმდეგობის გამო. ასეა თუ ისე, კაილასი კვლავ რჩება დაუმორჩილებელ მთად.
თვითმკვლელების ტყე - აოკიგახარა, იაპონია
აოკიგახარას (ძუკაი) „თვითმკვლელების“ და „მოჩვენებების“ ტყეს ეძახიან. აოკიგახარა 1950 წლიდან პლანეტის ერთ-ერთ საშიშ ადგილად ითვლება. დღემდე იქ 500-ზე მეტმა ადამიანმა მოიკლა თავი. 2002 წელს მხოლოდ 78 გვამს მიაგნეს. ერთ-ერთი ვერსიით, თვითმკვლელთა ტყის ისტორია მას შემდეგ დაიწყო, რაც რომანი „ხეების შავი ზღვა“ გამოქვეყნდა, სადაც პერსონაჟები ამ ადგილზე თვითმკვლელობისთვის მიდიოდნენ.
სხვა ვერსიით, თვითმკვლელთა ისტორია შუა საუკუნეებიდან იწყება, როცა ოჯახის მამამ შვილებისა და ნათესავების გამოკვება ვერ შეძლო და ტყეში თავი მოიკლა. ამბობენ, რომ ტყეში მოჩვენებები და დემონები ბინადრობენ.
ტყე სამ ჰექტარზეა გადაჭიმული. სიღრმეში ტემპერატურა მკვეთრად ეცემა. იქიდან დამოუკიდებლად გზის გამოგნება საკმაოდ რთულია. თითქოს, ვინც ტყეში შევიდა, იქიდან ცოცხალი აღარ უნდა დაბრუნდეს. ბილიკების მოძებნაც კი საკმაოდ რთულია - ყველაზე მაღალი ხის კენწეროზეც რომ აღმოჩნდეთ.
ტყეში სპეციალურ წარწერებს შეხვდებით: „შენი სიცოცხლე ძალიან ძვირფასია“, „შენ ნამდვილი საჩუქარი ხარ შენი მშობლებისათვის“ და ა.შ.
ყველა ახალი ამბავი
0