ფასდაკლება ვაქცინირებულებისთვის: ქვეყნის მთავარი რესტორატორი ინიციატივით გამოდის

© Sputnik / Alexander Imedashviliრესტორანი
რესტორანი - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2021
გამოწერა
მომხმარებელი ბენეფიტს მიიღებს ვაქცინაციის დამადასტურებელი ფურცლის ან SMS-ის (სადაც ჩანს რომ ის აცრილია) წარდგენის შემთხვევაში, აღნიშნა ბურჯანაძემ.
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ გამოთქვა ინიციატივა, რომელიც, მისი აზრით, შესაძლებელს გახდის, რომ აღნიშნული დარგის მიმართ მორიგი მკაცრი კოვიდ-შეზღუდვები არ დაწესდეს.
პირველ რიგში ბურჯანაძემ კოლეგებს ქორწილების, ქელეხებისა და მსგავსი მასობრივი ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული აკრძალვის დაცვისკენ მოუწოდა. მეორე მხრივ, ქვეყნის მთავარი რესტორატორი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ვაქცინირებული მოქალაქეების წახალისება.
„ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი. ჩემი, პირადი გადაწყვეტილებით, ვაქცინირებული სტუმრები ჩემს რესტორანში მიიღებენ ფასდაკლებას, ასევე თანამშრომლები, რომლებიც ვაქცინირებული არიან, მიიღებენ ხელფასზე დანამატს“, – განაცხადა ბურჯანაძემ სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ბურჯანაძეს არ დაუკონკრეტებია მის მფლობელობაში არსებულ დაწესებულებებში ვაქცინირებულთათვის რა ოდენობის ფასდაკლება იმოქმედებს.
მისი თქმით, აღნიშნული ნაბიჯი არავაქცინირებული ადამიანების დისკრიმინაციად არ უნდა შეფასდეს. მათთვის მომსახურება ჩვეულ პირობებში გაგრძელდება, დასძინა ბურჯანაძემ.
საქართველოში დღეს ახალი ანტირეკორდი დამყარდა. გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ინფიცირების 5.697 შემთხვევა გამოვლინდა, კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით კი 54 ადამიანი გარდაიცვალა.
ყველა ახალი ამბავი
0