თბილისში სავაჭრო ცენტრი "ბავშვთა სამყარო" დაიწვა: ხანძრის ლიკვიდაციის კადრები

გამოწერა

ძლიერი ხანძრის შედეგად სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროს" შენობა სრულიად განადგურდა. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ აქრობდნენ ცეცხლს სავაჭრო ცენტრში.

რკინიგზის სადგურთან განთავსებულ "ბავშვთა სამყაროში" ხანძარს ათობით მეხანძრე აქრობდა. ძირითადი კერების ლიკვიდაცია ცხრა საათზე მეტხანს გაგრძელდა.

"ხანძრის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან საგანგებო სიტუაციების სამსახურის პირველი დანაყოფი 10 წუთში მივიდა. იწვოდა "ბავშვთა სამყარო" და "ბავშვთა სამყაროს" მიმდებარედ ღია სავაჭრო ფართობი. საერთო ფართობმა შეადგინა 13 ათასი კვადრატული მეტრი. მობილიზებული იყო 31 ერთეული სახანძრო-სამაშველო დანაყოფი. ამ მომენტისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს ცალკეული დაქრობითი სამუშაოები", — განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას  საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა დავით გელაშვილმა.

"ბავშვთა სამყაროს" შენობაში განთავსებული იყო ათობით სავაჭრო ობიექტი, პატარა მაღაზიები, ავეჯის სალონები, პირველ სართულზე განთავსებული იყო ოქროს ბირჟა "ოქროს სამყარო". სავაჭრო ობიექტების მფლობელები და თანამშრომლები იმედოვნებენ, რომ ნივთების მცირე ნაწილის შენარჩუნება მაინც მოხერხდება.

"დახლზე, რომელიც "ბავშვთა სამყაროს" შესასვლელშივე მედგა, მინანქრის ნაკეთობები მეწყო — ყველაფერი განადგურდა, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ოქრო გადარჩა, ის სეიფში ინახებოდა. მისი ღირებულება 30 ათას დოლარზე მეტს შეადგენს. ჩემი დახლი პირდაპირ შესასვლელში იდგა", — განაცხადა „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას ხანძრის შედეგად დაზარალებულმა ვალიდა ფანგანმა.

აალების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. საქართველოს შსს-მ ფაქტთან დაკაშირებით საქმე აღძრა, მიმდინარეობს გამოძიება.

ყველა ახალი ამბავი
0