თბილისი, 11 მაისი — Sputnik. დღეს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში წმინდა სინოდის გაფართოებული კრება საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევს.
28 აპრილს წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.
ახალი პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით სამებასთან ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. საავტომობილო მოძრაობა 09:00 დან 18:00 საათამდე შეიზღუდება ახვლედიანის მოედანსა და ახვლედიანის აღმართზე; ასევე, ნიაბის ქუჩიდან გუმბრის ქუჩის მიმართულებით. შეზღუდვა ასევე მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიას შეეხება.
კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევს გაფართოებული კრება, რომელშიც შედიან: წმინდა სინოდის ყველა წევრი, თითო ეპარქიიდან ორ-ორი სასულიერო პირი და თითო საერო პირი. მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან იმდენივე წარმომადგენელი მონაწილეობს, რამდენიც ყველა დანარჩენი ეპარქიიდან ერთად. გაფართოებულ კრებაში ასევე შედის ორ-ორი წარმომადგენელი თითოეული მონასტრიდან, სასულიერო აკადემიისა და სემინარიიდან, ასევე ოთხი დელეგატი გელათის აკადემიიდან.
სამებაში 1200 დელეგატი შეიკრიბება და ისინი სამი კანდიდატიდან ერთს აირჩევენ. ტაძარში შესვლა სპეციალური საშვებით მოხდება, ეზოში შესვლა კი ყველა მსურველს შეუძლია.
დელეგატების რეგისტრაცია 10:00 საათზე დაიწყება და 12 საათამდე გაგრძელდება. არჩევნების შედეგები და ასევე ინტრონიზაციის თარიღი დღესვე გამოცხადდება.
კენჭისყრის პროცესი პირდაპირ ეთერში გაშუქდება, ხმების დათვლის პროცესი კი დახურული იქნება.
ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა წმინდა სინოდის წევრების პრეროგატივაა. არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც ნახევარზე მეტ ხმას, ანუ სულ მცირე 20 ხმას მიიღებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.