ახალი პატრიარქის არჩევა: სამების ტაძარში კენჭისყრის პროცესი დაიწყო

Sputnik
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. სამების საკათედრო ტაძარში გაფართოებულ კრებაზე ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო - საქართელოს ეკლესია ახალ კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევს.
ბიულეტენები ჩაიყრება შუშის ურნაში, რომელიც საგანგებოდ დამზადებული ბეჭდით დაილუქა, პროცესს ტელევიზიები პირდაპირ ეთერში აშუქებენ.
კრებას 1200 დელეგატი ესწრება, მათ შორის საერო პირებიც.
28 აპრილს წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები არიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.
კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევს გაფართოებული კრება, რომელშიც შედიან: წმინდა სინოდის ყველა წევრი, თითო ეპარქიიდან ორ-ორი სასულიერო პირი და თითო საერო პირი. მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან იმდენივე წარმომადგენელი მონაწილეობს, რამდენიც ყველა დანარჩენი ეპარქიიდან ერთად. გაფართოებულ კრებაში ასევე შედის ორ-ორი წარმომადგენელი თითოეული მონასტრიდან, სასულიერო აკადემიისა და სემინარიიდან, ასევე ოთხი დელეგატი გელათის აკადემიიდან.
თითოეულმა მათგანმა მიიღო საარჩევნო ბიულეტენი, შემდეგ საგანგებო ჯიხურში შევიდა, შემოხაზა სასურველი კანდიდატი და შემდეგ უკვე გადაკეცილი ბიულეტენი ჩააგდო ურნაში.
ხმების დათვლის პროცესი დახურული იქნება.
არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც ნახევარზე მეტ ხმას, ანუ სულ მცირე 20 ხმას მიიღებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.