თბილისი, 11 მაისი — Sputnik. სრულიად საქართველოს ახალარჩეული 142-ე კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის ინტრონიზაცია 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს გაიმართება.
წმინდა სინოდმა 11 მაისს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) ახალ კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. მიტროპოლიტ შიოს ხმა მისცა 22-მა არქიეპისკოპოსმა, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობ (აქიაშვილს) – 9 ხმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლს (ბერბიჭაშვილი) – 7 ხმა.
ინტრონიზაცია მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება. ცერემონია დილის 10 საათზე დაიწყება.
გაფართოებულ კრებაში მონაწილეობა წმინდა სინოდის ყველა წევრმა მიიღო - 39-ვე არქიეპისკოპოსმა. 47 ეპარქიიდან თითოეულ წარმოადგენდა სამ-სამი დელეგატი - ორი სასულიერო პირი და ერთი საერო პირი, ხოლო მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან მონაწილეობდა იმდენივე წარმომადგენელი, რამდენიც ყველა ეპარქიიდან ერთად.
ორშაბათს დილით სამების საკათედრო ტაძარში მთელი ქვეყნიდან დაახლოებით 1200 დელეგატი შეიკრიბა. სამების საკათედრო ტაძარში შესასვლელად სპეციალური საშვი იყო საჭირო, თუმცა ეზოში ნებისმიერ მსურველს შეეძლო დასწრება.
დელეგატების რეგისტრაცია დილის 10:00 საათზე დაიწყო და 12:00 საათამდე გაგრძელდა, რის შემდეგაც ხმის მიცემა დაიწყო.
ხმის მიცემის პროცესი და შედეგების გამოცხადება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ხოლო ხმების დათვლა პრესისთვის დახურული იყო.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.