თბილისში ტექნიკის მაღაზია გაქურდეს: მოპარულია 42 ტელეფონი

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 9 მაისი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, ხოლო 3 პირი ამხილეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა რომ არასრულწლოვანმა ბრალდებულმა თანამზრახველებთან ერთად თბილისში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში უკანონოდ შეაღწია, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სხვადასხვა მოდელის 42 მობილურ ტელეფონს და თანხას.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი მალევე დააკავეს, ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.