რა დაჯდება „ტრამპთაუერ თბილისის“ მშენებლობა

პროექტი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ოჯახური კომპანიის გლობალური გაფართოების ნაწილია.
Sputnik
თბილისი, 8 მაისი — Sputnik.Trump Tower Tbilisi-ს პროექტის საერთო ინვესტიცია დაახლოებით ორ მილიარდ დოლარს შეადგენს - ის საქართველოში ყველაზე მაღალი შენობა უნდა გახდეს, წერს ამერიკული გამოცემა Newsweek.
Newsweek-მა გამოაქვეყნა პირველი ფოტო, როგორი იქნება 70-სართულიანი „ტრამპთაუერ თბილისის“ პროექტი.
კომპლექსი „თბილისი დაუნთაუნი“ ექვსი შენობისგან შედგება, რომლის ცენტრალური ნაწილია „ტრამპთაუერ თბილისი“. პროექტი დედაქალაქის ცენტრში აშენდება და დაახლოებით 600.000 კვადრატულ მეტრს მოიცავს.
ის გააერთიანებს ბიზნესცენტრს, სასტუმროს, სავაჭრო და გასართობ ობიექტებს. პროექტს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი არქიტექტურული კომპანია Gensler-ი ახორციელებს.
„დეველოპერული გუნდის თქმით, პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს დედაქალაქი წარმოაჩინოს, როგორც მნიშვნელოვანი ბიზნესცენტრი და კარიბჭე საერთაშორისო ბიზნესისთვის აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში, ასევე მისი მზარდი პოპულარობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ელიტური უძრავი ქონების მყიდველებს შორის“, – წერს გამოცემა.
პროექტი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ოჯახური კომპანიის გლობალური გაფართოების ნაწილია.
სამეთვალყურეო ორგანიზაციის, CREW-ის მონაცემებით, ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სულ მცირე, 24 პროექტს ახორციელებს.
გამოცემა წერს, რომ ეს ფაქტი კითხვებს აჩენს შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, კერძოდ, იმის თაობაზე, შეიძლება თუ არა ბიზნესინტერესებმა გავლენა მოახდინოს სავაჭრო მოლაპარაკებებზე.
ამ ვარაუდს თეთრი სახლი უარყოფს. როგორც პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ანა კელიმ Newsweek-ს განუცხადა, ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს.
ბრალდებები უარყო Trump Organization-მაც და განაცხადა, რომ კომპანია „საპრეზიდენტო უფლებამოსილებისგან სრულიად დამოუკიდებლად ფუნქციონირებს და სრულად პასუხობს ეთიკისა და ინტერესთა კონფლიქტის კანონებს“.
2012 წელს The Trump Organization-მა განაცხადა, რომ ბათუმში Silk Road Group-თან ერთობლივად აპირებს ააშენოს Trump Tower – 47-სართულიანი ნაგებობა Trump Riviera. მაგრამ მაშინ ის პროექტი გაუქმდა.