არალეგალების წინააღმდეგ ბრძოლა: საქართველოში უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს

ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.
Sputnik
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, შსს-ს თანამშრომლებმა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენის მიზნით კონკრეტული ლოკაციები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები გადაამოწმეს - დაკავებულთა შორის არიან კენიის, თურქმენეთის, თურქეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, რუსეთის, ყაზახეთის, პაკისტანის, ალჟირის, ტაილანდის, უგანდის, ინდოეთის, ბანგლადეშის, ტანზანიის, ეთიოპიის, ნიგერიისა და სუდანის მოქალაქეები.
დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.
ამჟამად დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.
უწყების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებებმა ერთგვარი პრევენციული ხასიათის დატვირთვა მიიღო, რამაც საქართველოში მყოფი უცხოელი არალეგალების მხრიდან ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვება გამოიწვია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველო ნებაყოფლობით უკვე 2 ათასზე მეტმა უცხოელმა არალეგალმა დატოვა.
უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის ფარგლებში 2026 წელს იგეგმება ქვეყნიდან 3500-დან 4000-მდე არალეგალი მიგრანტის გაძევება.
ხელისუფლებამ შრომითი მიგრაციის დარეგულირების მიზნით კანონმდებლობაც გაამკაცრა. კერძოდ, 2026 წლის 1-ელი მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში სამუშაოდ სპეციალური ნებართვა სჭირდება, რომელიც სამუშაო ბინადრობის ნებართვის მიღების საფუძველი გახდება. ასევე ძალაში შევიდა შეზღუდვები გარკვეულ პროფესიებში დასაქმებაზე. კერძოდ, უცხოელებს სრულად აეკრძალათ დასაქმება საკურიერო გადაზიდვებზე, მგზავრების გადაყვანაზე, მათ შორის ტაქსით, ასევე ტურისტული გიდების მომსახურების სფეროში.
ბრძოლა არალეგალების წინააღმდეგ
გასული წლის ოქტომბერში საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტების პაკეტი მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრების შესახებ.
მიგრაციის დეპარტამენტის ცნობით, 2025 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნიდან 1311 უცხოელი მოქალაქე გააძევა - აღნიშნული მაჩვენებელი აღემატება 2014-2024 წლებში გაძევებულთა საერთო რაოდენობას.
უწყების მონაცემებით, გაძევებულ უცხოელებს შორის ყველაზე მეტი ინდოეთის მოქალაქე იყო. გასულ წელს საქართველოდან ჯამში ინდოეთის 269 მოქალაქე გააძევეს.
გაძევებული უცხოელების რაოდენობით მეორე ადგილზე თურქეთია. ამ პერიოდში საქართველოდან თურქეთის 176 მოქალაქე გააძევეს. მესამე ადგილზე ირანია - 157 მოქალაქე.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, 2025 წელს საქართველოდან აზერბაიჯანის 39, სომხეთის 26 და რუსეთის 73 მოქალაქე გააძევეს.