თბილისი, 8 მაისი — Sputnik. საპროტესტო აქციებზე ძალოვანების მხრიდან ძალადობის საქმის გამოძიებაში არცერთი მტკიცებულება არ არის იმისა, რომ დანაშაული სისტემური ხასიათის იყო, განაცხადა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პროკურატურამ ოპოზიციური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის, ჟურნალისტ გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე ხუთი ყოფილი და მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა. ოპოზიციამ დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ უნდა გაირკვეს, ვინ აძლევდა სპეცრაზმელებს მსგავს დავალებებს.
„სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ამ მიმართულებით მიმდინარეობს, არც ერთი არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ ვინმე აძლევდა დავალებებს სპეცრაზმელებს იმის შესახებ, რომ მათ ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინათ და ეცემათ“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ირიბი მტკიცებულებების არარსებობის გამო გამოძიება ე.წ. დამკვეთებზე ვერ გადის.
„ამ საქმეში რომ იყოს დამკვეთი და შესაბამისი მტკიცებულებაც არსებობდეს, არ შევიკავებდით თავს. ჩვენ გვაქვს ბოლო პერიოდში ამისი პრაქტიკა, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირების დაკავების, სადაც დანაშაულის ნიშნები იყო და როცა დანაშაულია სახეზე, ვერავინ დაგვაბრალებს, რომ რაიმეს ვერიდებით“, - აღნიშნა მდინარაძემ.
მისი თქმით, თუ მტკიცებულებები გაჩნდება, საგამოძიებო ორგანოები შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ, ჯერჯერობით კი აქციებზე ძალადობის სისტემური ხასიათი გამოირიცხა.
„როგორც ჩანს, ამაზე მტკიცებულებებიც მიუთითებენ, ეს იყო კერძო ინიციატივები და ცალკეული შემთხვევები. ამას რომ ჰქონოდა სისტემური ხასიათი, პირობითად, არ იქნებოდა ერთი დაზარალებული ჟურნალისტი. ჩვენ მივყვებით რეალობას, სამართალდამცავი უწყებები მიჰყვებიან რეალობას და არა პიარ-კამპანიას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სპეცრაზმელებს ბრალდებები 2024 წლის ეპიზოდებისთვის წარედგინათ.
ზვიად მაისაშვილის საქმე
2024 წლის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმჟამინდელმა ორმა თანამშრომელმა, რომელთაგან ერთ-ერთი დღეის მდგომარეობით დაცვის პოლიციის თანამშრომელია, ფიზიკურად იძალადა ზვიად მაისაშვილზე, რის შედეგადაც მაისაშვილმა დაკარგა გონება.
ლევან ხაბეიშვილის საქმე
გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 30 აპრილს რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაშინდელმა თანამშრომელმა, რომელიც დღეის მდგომარეობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსია და ასევე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთმა თანამშრომელმა ფიზიკურად იძალადეს ლევან ხაბეიშვილზე.
გურამ როგავას საქმე
გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 29 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა ფიზიკურად იძალადა ჟურნალისტ გურამ როგავაზე, რომელიც თავდასხმის მომენტში ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებდა.
ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე.
წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.