თბილისში რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანა და დაყაჩაღება: ბრალდებულთა წრე გაიზარდა

დანაშაული 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ყაჩაღობის, მძევლად ხელში ჩაგდებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით 33 წლის პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებული მამაკაცი წარსულში მრავალჯერაა ნასამართლევი.
შემთხვევა მიმდინარე წლის მარტში მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თანამზრახველებთან ერთად რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან მოტყუებით, ბინაში გაზის გაჟონვის შესამოწმებლად გვიან ღამით მივიდა.
ბრალდებულებმა ცივი იარაღის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით რუსეთის მოქალაქეებს წაართვეს თანხა 2 ათასი აშშ დოლარის ოდენობით, ასევე მობილური ტელეფონები და ლეპტოპი, შემდეგ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და სთხოვდნენ დამატებით 300 ათას აშშ დოლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით.
უწყების ცნობით, ბრალდებულებმა რამდენიმე საათის შემდეგ დაზარალებულები იარაღის მუქარით სხვადასხვა ავტომანქანებში ჩასვეს და მარნეულის მუნიციპალიტეტის მიმართულებით წაიყვანეს.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულში მონაწილე 7 პირი მომხდარიდან მალევე მარნეულსა და გორში დააკავეს, ხოლო სხვა პირების დადგენისა და დაკავების მიზნით საპოლიციო ღონისძიებები გაგრძელდა. პოლიციამ დანაშაულში მონაწილე კიდევ ერთი პირი გორის მუნიციპალიტეტში დააკავა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 144-ე, 179-ე და 286-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.