თბილისი, 6 მაისი - Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ბაქოში გამართულ საერთაშორისო აგროგამოფენა CASPIAN AGRO 2026 -ზე წარმოდგენილ საქართველოს პავილიონში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს უმასპინძლა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სონღულაშვილი აგროგამოფენის CASPIAN AGRO 2026 და კვების მრეწველობის 31-ე გამოფენის გახსნის ღონისძიებას ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაესწრო.
„მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველოს სტენდთან მობრძანებული იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის მნიშვნელობას", - განაცხადა სონღულაშვილმა.
ქართული პავილიონი CASPIAN AGRO 2026 -ზე
© MINISTRY OF ENVIRONMENTAL PROTECTION AND AGRICULTURE OF GEORGIA
როგორც მინისტრმა აღნიშნა, გამოფენა გამოირჩევა შედეგიანობით, წინა წლებში მონაწილე კომპანიებმა უკვე შეძლეს კონტრაქტების გაფორმება, რაც ქართულ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას ექსპორტის გაფართოების, რეგიონში მეტად წარმოჩენის და ჯამში ეს ყველაფერი ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას.
ამასთან, სონღულაშვილის თქმით, მსგავსი საერთაშორისო აგროგამოფენები მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის, სავაჭრო კავშირების გაღრმავებისა და ორ ქვეყანას შორის აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის ზრდისთვის. აღნიშნული თანამშრომლობა ხელს უწყობს როგორც ბიზნესკავშირების გაფართოებას, ისე რეგიონში ეკონომიკური განვითარების გაძლიერებას.
ქართული პავილიონი CASPIAN AGRO 2026 -ზე
© MINISTRY OF ENVIRONMENTAL PROTECTION AND AGRICULTURE OF GEORGIA
საერთაშორისო აგროგამოფენა CASPIAN AGRO 2026 5 მაისს გაიხსნა და 7 მაისს დასრულდება. 2026 წელს ღონისძიებაში მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.
CASPIAN AGRO კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა, რომლის ძირითადი მიმართულებებია: სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ინოვაციური ტექნოლოგიები, მეცხოველეობა და მეფრინველეობა, ცხოველთა კვება, მებოსტნეობა, ხილისა და ბოსტნეულის წარმოება და გადამუშავება.
საქართველო და აზერბაიჯანი
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს.
ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.
აზერბაიჯანი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულშია. 2024 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 5,6%-ით გაიზარდა და 1,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.