თბილისი, 6 მაისი — Sputnik. სტამბულში გამართულ წყლის მე-5 საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს დელეგაციაც დაესწრო, წყლის რესურსების მართვის, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის საკითხები განიხილეს, ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კონფერენციაზე საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე ბექა ბარბაქაძე წარმოადგენდნენ.
ღონისძიების ფარგლებში ბეგიაშვილმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა წყლის რესურსების მდგრადი მართვის მნიშვნელობაზე, როგორც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვისა და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთ ძირითად წინაპირობაზე.
მისი თქმით, საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარება. ამ მიმართულებით ხორციელდება როგორც მიმდინარე, ისე ახალი პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს თანამედროვე, მდგრადი და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი სისტემების დანერგვას და მოსახლეობისათვის ხარისხიანი, უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფას.
მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ წყლის რესურსების ეფექტიანი მართვა საჭიროებს კოორდინირებულ, მრავალსექტორულ მიდგომას.
წყლის საერთაშორისო მე-5 კონფერენცია წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც აერთიანებს სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორის, აკადემიური წრეებისა და დარგის ექსპერტების წარმომადგენლებს. ღონისძიების მიზანია წყლის რესურსების მდგრად მართვასთან დაკავშირებული თანამედროვე მიდგომების განხილვა, არსებული გამოწვევების შეფასება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.