თბილისი, 6 მაისი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცპროდუქტების წარმოებისა და შენახვის მოთხოვნების დარღვევისთვის ორი ბიზნესოპერატორი დააჯარიმა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს ინსპექტორებმა თბილისში, მოსკოვის გამზირზე მდებარე ხორცისა და ხორცპროდუქტების საწარმო შპს „XXI+ ერისთავი“ გეგმურად შეამოწმეს.
შემოწმებისას დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი სურსათის გადამუშავებასა და კონსერვირებას ჰიგიენური ნორმებისა და სურსათის უვნებლობის დადგენილი მოთხოვნების დარღვევით ახორციელებდა.
„ამავდროულად, ჩატარებული მოკვლევის შედეგად გამოვლინდა ინდივიდუალური მეწარმის თ. მ. -ს კუთვნილი სამაცივრე მეურნეობა ქალაქ სენაკში (მისამართი: სენაკი, დადიანის ქ. N1), სადაც შპს „XXI+ ერისთავის“ მიერ წარმოებული პროდუქცია ინახებოდა. სამეგრელო - ზემო სვანეთის ინსპექტორებმა არაგეგმური შემოწმებისას დაადგინეს, რომ ბიზნესოპერატორი სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.