პოლიციამ 30 მლ ლარის ღირებულების ,,მეტამფეტამინი“ ამოიღო: დაკავებულია ერთი პირი

ქართველმა სამართალდამცველებმა საერთაშორისო ნარკოტრეფიკის მორიგი ფაქტი გამოავლინეს.
Sputnik
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა 103 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინი“ ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 30 მლნ ლარს შეადგენს, განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ ბრიფინგზე.
მისი თქმით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი სატვირთო ავტომობილი, რომელიც დატვირთული იყო კაუსტიკური სოდით, საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა და მესამე ქვეყანაში უნდა გასულიყო.
სამართალდამცველებმა, ტვირთის დეტალური დათვალიერებისას, ტომრებში გადანაწილებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს.
მოცემულ საქმეში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, შესაბამისი კომპლექსური ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
გამოძიება სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.