ფინანსთა მინისტრი ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა: რა საკითხები განიხილეს მხარეებმა

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. ბანკის მიერ საქართველოსთვის გაცემული სესხების, გრანტების და ტექნიკური დახმარების საერთო მოცულობა 6 მლრდ დოლარს შეადგენს.
Sputnik
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის მრავალწლიან წარმატებულ ურთიერთობებზე იმსჯელეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მასატო კანდამ სამარყანდში გამართულ შეხვედრაზე, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ADB-ის პრეზიდენტსა და მინისტრ ხუციშვილს შორის შეხვედრა აზიის განვითარების ბანკის 59-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც წელს უზბეკეთი მასპინძლობს.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის პარტნიორობის საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო მასშტაბის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც საკვანძო როლი აქვთ როგორც საქართველოს, ისე რეგიონის განვითარებაში.
შეხვედრაზე ხუციშვილმა ბანკის პრეზიდენტს გააცნო საქართველოს მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, მათ შორის, ეკონომიკური ზრდის მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი და საშუალოვადიანი პროგნოზები.
„ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებში ADB-ის ჩართულობაზე, რომელიც უკავშირდება „შუა დერეფნის" პროექტში საქართველოს სატრანსპორტო, ლოგისტიკური პოტენციალის, ციფრული კავშირების, ენერგოუსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გაძლიერებას", - ნათქვამია განცხადებაში.
ფინანსთა მინისტრმა ბანკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი წარმატებული ურთიერთობებისთვის და ხაზი გაუსვა აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.
თავის მხრივ, მასატო კანდამ აღნიშნა საქართველოს როლის გაძლიერება „შუა დერეფნის" ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების გზით და გამოთქვა მზაობა, გაგრძელდეს აქტიური თანამშრომლობა ორმხრივ და რეგიონულ დონეზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ADB-ს ალტერნატიული აღმასრულებელი დირექტორი ლიზა რაითი, ADB-ს ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ლეა გუტიერესი და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები.
ADB და საქართველო
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. ბანკის მიერ საქართველოსთვის გაცემული სესხების, გრანტების და ტექნიკური დახმარების საერთო მოცულობა 6 მლრდ დოლარს შეადგენს.
ADB-ის პრიორიტეტები საქართველოში არის მრავალფეროვანი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირების გაფართოება და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.
ADB-ს მიზანია - ხელი შეუწყოს წარმატებულ, მრავალმხრივ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. ამავე დროს მუშაობს უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრაზე რეგიონში. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაციის მფლობელია 68 წევრი ქვეყანა, მათ შორის 49 - აზიის რეგიონის ქვეყნებია.