თბილისი, 4 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ძარცვის მცდელობის ფაქტზე მცხეთაში 49 წლის მამაკაცი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
დაკავებულს, რომელიც წარსულში ნასამართლევი პირია, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
გამოძიებით დადგინდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში ბრალდებული სხვის საცხოვრებელ სახლში ძარცვის მიზნით შევიდა და 29 წლის პირს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
პოლიციამ მამაკაცი დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავა.
გამოძიება სსკ-ის 19-178-ე მუხლით მიმდინარეობს.