თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ქართულმა მხარემ ერევანში გამართულ სამიტზე ევროპელ ლიდერებთან არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა გამართა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
საქართველოს მთავრობის მეთაური ვიზიტით ერევანში იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტში. პრემიერი სომხეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
„ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში ევროპელ ლიდერებთან საინტერესო საუბრები გვქონდა ჩვენი ქვეყნისთვის საინტერესო ყველა საკითხზე“, - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, იგი ასევე სიტყვით გამოვიდა მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაზე, სადაც განხილულ ძირითად თემებს შორის იყო დაკავშირებადობის საკითხი.
„მეხუთედ ვიღებ ამ სამიტში მონაწილეობას. მოხარული ვარ, რომ სამიტი ამ შემთხვევაში ჩვენს მეზობელ სომხეთში იმართება. ტრადიციულად გამოვიყენეთ ეს პლატფორმა. მრგვალი მაგიდის ფორმატში მქონდა გამოსვლა, სადაც საუბარი იყო დაკავშირებადობის საკითხზე, განსაკუთრებით, ენერგეტიკის მიმართულებით და ჩვენი ხედვები გავუზიარეთ კოლეგებს“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, რომ მას ერევანში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მეგობრული და საინტერესო საუბარი ჰქონდა. თუმცა, დასძინა, რომ შეხვედრის დახურული ფორმატის გამო, არ შეუძლია დეტალებზე საუბარი.
„მე შინაარსზე ვერაფერს ვიტყვი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო დახურული ფორმატის შეხვედრა. თუმცა, ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი, რაც შედგა ჩვენს შორის. თავად პრეზიდენტმა გამოხატა ეს ინიციატივა, ჩვენ მყისიერად დავუდასტურეთ ჩვენი მზაობა და გავისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით", - განაცხადა კობახიძემ.
იგი ასევე შეეხო ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან დეზინფორმაციის საკითხს და აღნიშნა, რომ ეს სერიოზული პრობლემაა, რაზეც საქართველოს ხელისუფლება მუდმივად საუბრობს.
„რა თქმა უნდა, ამ სამიტში მონაწილეობდნენ კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებმაც არაერთხელ გააკეთეს უსამართლო განცხადებები ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის შესახებ, რაც ძალიან სამწუხაროა. დეტალებში არ შევალ და არ დავასახელებ სახელებს. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ; ეს არის ის რეალობა, რომელშიც მუშაობა გვიწევს“, - აღნიშნა პრემიერმა.
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტი ერევანში 4 მაისს გიმართა. აღნიშნული პლატფორმა ევროპელი ლიდერების რეგულარული (წელიწადში ორჯერ) შეხვედრებისთვისაა განკუთვნილი.