პრემიერმა სურსათის ფასების შემცირებასთან დაკავშირებით ხელისუფლების ინტერესი განმარტა

იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქემ ისე იცხოვროს, როგორც საფრანგეთის მოქალაქემ, საშუალო ხელფასი დაახლოებით 5000 ლარი უნდა იყოს, განაცხადა კობახიძემ
Sputnik
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოში სურსათზე ფასები უფრო დაბალია, ვიდრე საფრანგეთსა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, თუმცა, დაბალი ხელფასების გამო ფასწარმოქმნა მოსახლეობისთვის კვლავ მტკივნეულ საკითხად რჩება, ამიტომაც მთავრობა დაინტერესებულია საქონლის ღირებულების შემცირებით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის ეთერში.
1-ელ მაისს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელმა საპარლამენტო დროებითმა კომისიამ წარმოადგინა დასკვნა, რომელშიც მოცემულია ბაზრის ანალიზი და რეკომენდაციები ფასების შესამცირებლად. თუმცა, კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ ფასების კონტროლი ან ხელოვნურად შემცირებული ფასები „ბაზარზე დადებით გავლენას ვერ მოახდენს“.
„ჩვენთანაც რომ ისეთი ხელფასები და პენსიები იყოს, როგორიც კონკრეტულ ქვეყნებშია, ფასების საკითხი ასეთი აქტუალური არ იქნებოდა, მაგრამ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენს შემთხვევაში ფასების შემცირების ინტერესი ძალიან დიდია და ამას ობიექტური მიზეზი აქვს“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ბოლო კვარტლის მონაცემებით, საქართველოში საშუალო ხელფასი დაახლოებით 2,4 ათასი ლარია მაშინ, როცა საფრანგეთში მისი ოდენობა დაახლოებით 2,7 ათასი ევროა. სამომხმარებლო კალათის შედარებისას ხელისუფლება მივიდა დასკვნამდე, რომ საფრანგეთში იდენტური პროდუქტები დაახლოებით 50%-ით ძვირია,
ამასთან, კობახიძემ აღიარა, რომ საქართველოში ცალკეული ბრენდების პროდუქტი შეიძლება კიდევ უფრო ძვირი იყოს, ვიდრე საფრანგეთში. მან მაგალითად მოიყვანა ყავა, შოკოლადის კარაქი და სხვა იმპორტირებული პროდუქტები.
მისი თქმით, მიზეზები, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ცალკეული დისტრიბუტორების, იმპორტიორების მონოპოლიურ მდგომარეობასთან ან შესაძლო კარტელურ შეთანხმებებთან.
ამის მიზეზი მაგალითად დისტრიბუტორის, იმპორტიორის მონოპოლიური მდგომარეობა ან გარკვეული კარტელური გარიგება კონკრეტულ პროდუქტთან მიმართებით.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარი მაჩვენებელი მოსახლეობის მსყიდველობითი უნარია. მისი თქმით, საფრანგეთში დღეს მოქალაქე ცხოვრობს ზუსტად 2-ჯერ უფრო უკეთესად, ვიდრე საქართველოში. ამასთან, 2012 წელს ეს სხვაობა იყო ოთხმაგი.
„დღეს დაახლოებით 5 ათას ლარამდე უნდა იყოს საშუალო ხელფასი იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქე ცხოვრობდეს ისე, როგორც ცხოვრობს საფრანგეთის მოქალაქე", - განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში დაახლოებით 350 ათასი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, პენსიის ოდენობა დაბალი რჩება, რაც ფასების საკითხს განსაკუთრებულად მტკივნეულს ხდის.
სახელმწიფოს მხრიდან ფასწარმოქმნაში შესაძლო ჩარევაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა განიხილოს ნებისმიერი საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ზედმეტ რეგულირებასთან, ჯარიმებთან და ადმინისტრაციულ ბარიერებთან, თუ ისინი გავლენას ახდენენ პროდუქციის ფასზე.
„ყველა კონკრეტული საკითხი შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ, მთლიანობაში, როცა ვსაუბრობთ 86%-იან ფასნამატზე, ასეთი კონკრეტული საკითხები, ალბათ, ნაკლებად ახდენს ამ ყველაფერზე გავლენას, თუმცა გეთანხმებით, რომ ყველა საკითხს უნდა ჩავხედოთ. მზად ვართ, ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა და ა.შ., რაც, შეიძლება, თუნდაც მიზერულ გავლენას ახდენდეს ფასწარმოქმნაზე", - აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოში ფასწარმოქმნის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 2025 წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებთან დაკავშირებით განაცხადა - მიმდინარე წლის იანვარში საკვების, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების სამთავრობო კომისია, ხოლო თებერვალში - საპარლამენტო კომისია შეიქმნა.