თბილისი, 2 მაისი - Sputnik. საქართველოში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელი საპარლამენტო დროებითი კომისიის დასკვნები არ პასუხობს თავად მთავრობის მიერ გაჟღერებულ გამოწვევებს, განაცხადა ოპოზიციური ფრაქცია „ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
1 მაისს საპარლამენტო კომისიამ წარმოადგინა დასკვნა, რომელშიც გაანალიზებულია სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ბაზრები და მოცემულია რეკომენდაციები ფასების შესამცირებლად. თუმცა, კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ ფასების კონტროლი ან ხელოვნურად შემცირებული ფასები „ბაზარზე დადებით გავლენას ვერ მოახდენს“.
„პირველ რიგში, უნდა ვთქვათ ის, რომ კომისიის ეს დასკვნა არ პასუხობდა იმ გამოწვევებს, რომლებზეც თავად ხელისუფლებამ დააანონსა გასული წლის ბოლოს... ეს დოკუმენტი უფრო სამეცნიერო ხასიათისაა. პარლამენტი კი არ გახლავთ სამეცნიერო დაწესებულება, ეს არის პოლიტიკური ორგანო, რომელმაც კონკრეტული გეგმა და დავალება უნდა მისცეს ხელისუფლებას და შესაბამისად მოსთხოვოს“, - განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, საბოლოო დოკუმენტს აკლია კონკრეტიკა მისი განხორციელების ნაწილში. ანუ, კომისიის დასკვნა, როგორც დეპუტატი ამტკიცებს, მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა და „არ ასრულებს საზოგადოების დაკვეთას ფასების რეგულირების შესახებ“. ამიტომ, „ხალხის ძალამ“ თავი შეიკავა მისი მხარდაჭერისგან.
„აღსრულების მექანიზმი თუ არ იქნა, დარჩება ეს სურვილის დონეზე, ეს არის მთავარი პრობლემა. ამ დასკვნაში უნდა იყოს მითითებები აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ, დაგვიდოს პარლამენტს გეგმა, რა ვადაში აპირებს, როგორ აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას, რაც დაინახა კომისიამ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
კითხვაზე, ექნება თუ არა მათი მხარდაჭერა აღნიშნულ დოკუმენტს პარლამენტის პლენარული სხდომის სესიაზე, მაჭარაშვილის თქმით, რადგან აღნიშნული დოკუმენტი დროებითმა კომისიამ შეიმუშავა, ჯერ ბიურომ უნდა გადაწყვიტოს გავა თუ არა ის საერთოდ სესიაზე.