თბილისი, 1 მაისი - Sputnik. პოლონეთში საქართველოს მოქალაქე, 37 წლის მამაკაცი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია "პირველი".
შემთხვევა პოლონეთის ქალაქ გოჟუვ-ველიკოპოლსკში 25 აპრილს მოხდა. ადგილობრივი გამოძიების ინფორმაციით, დაპირისპირება იმ დროს დაიწყო, როცა ღამით ქუჩაზე ქართველმა მამაკაცმა ჩაიარა. 37 წლის მამაკაცს სასიკვდილო დაზიანებები ორმა ახალგაზრდამ მიაყენა.
გამოძიების თანახმად, თავდამსხმელები კაცს წიხლებსა და მუშტებს ურტყამდნენ, რის გამოც დაზიანებები იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ დაშავებული ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიების ვერსიით, 23 და 25 წლის ეჭვმიტანილები დანაშაულის ჩადენის მომენტში ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ.
გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენება ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გახდება შესაძლებელი.
გამოძიება მიმდინარეობს ცემის ბრალდებით, რომელმაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. ბრალდებულებს ამჟამად სამთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ ორიდან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.