თბილისი, 1 მაისი - Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ბათუმში ხორცის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, შპს "შაჰ ქათამი" , რომელიც ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილის 205 ნომერში მდებარეობს, სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.
სახელმწიფო კონტროლის შედეგად ასევე აღმოჩნდა, დარღვეული იყო მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესიც.
გამოვლენილი შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე.