თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. პოლონეთის ხელისუფლებამ გამონახა დრო და რესურსები ქართულენოვანი ტელევიზიის გასახსნელად მაშინ როცა პოლონეთში უამრავი პრობლემაა, განაცხადა დიასპორის საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ირაკლი ზარკუამ.
27 აპრილს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ პოლონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (TVP) შექმნა ახალი ამბების ქართულენოვანი სამსახური VT Sakartvelo. ტელეარხზე რამდენიმე ქართველი ჟურნალისტი იმუშავებს, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოში დემოკრატიულ ძალებს.
„პოლონეთის მთავრობას ამდენი პრობლემა აქვს, უმუშევრობის, მაღალი ინფლაციის, კომუნალურების ზრდის, მიგრაციის და ამ დროს იცლის და ტელევიზიას აფინანსებს, სადაც თურმე საქართველოს სიახლეები ნათია კობერიძემ უნდა გააცნოს“, – განაცხადა ზარქუამ.
ნათია კობერიძეს 2010 წლის 13 მარტს ტელეარხ „იმედის“ ეთერში სკანდალური „იმიტირებული ქრონიკა“ მიჰყავდა. პირდაპირ ეთერში მაყურებელს აუწყეს, რომ საქართველოში შემოიჭრა რუსეთის ჯარი, ხოლო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი მოკლულია. მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ მაყურებელს აცნობეს, რომ ნანახი იმიტაცია იყო. ტრანსლაციის დროს ბევრმა მოქალაქემ ძლიერი სტრესი განიცადა. ექიმებმა რამდენიმე გულის შეტევა დააფიქსირეს. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა ბოდიში მოეხადა ამ „ხუმრობისთვის“.
ზარქუა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პოლარიზაციის გასაძლიერებლად გარე ძალები საქართველოზე ახალი თავდასხმისთვის ემზადებიან, ამჯერად ტელევიზიის საშუალებით.
პარლამენტარი დარწმუნებულია, რომ ამ ჩანაფიქრში განსაკუთრებული როლი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის ენიჭება.
„ცალკე მოგიყვებით ჰერჩინსკის დავალებაზე. იცით, რომ ისიც პოლონელია. როგორც ირკვევა, საქართველოში მორიგი რევოლუციური ტალღა პოლონეთმა უნდა გასწიოს. ალბათ ამან უნდა შეძლოს. დანარჩენები ჩაფლავდნენ და ახლა ვნახოთ, პოლონეთი რას იზამს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ამას წინათ საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საგარეო უწყებაში ბრიუსელში მის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ ქვეყნის პირველ დიპლომატთან შეხვედრაზე დაიბარეს - ჰერჩინსკიმ ბრიუსელში გამართულ ფოტოგამოფენაზე „საქართველო ფოკუსში“ განაცხადა, რომ ქვეყანა „არასწორ ტრაექტორიაზეა“ და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ევროპულ კურსს დაუბრუნდება.