თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 14 პირი დააკავეს, ხოლო 2 კი მხილებულია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, საპოლიციო ღონისძიებები თბილისში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთასა და აჭარაში ჩატარდა.
პოლიციელების მიერ ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა.
რამდენიმე ბრალდებული პოლიციამ "ბათუმის პორტისა" და საბაჟო გამშვებ პუნქტ "სარფის" ტერიტორიაზე დააკავა. მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერებისას კი ამოღებულია 2 ხელყუმბარა, 2 კაფსულ-დეტონატორი და სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 150-მდე ვაზნა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.