თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქობულეთში არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის შედეგად, ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოში კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინდივიდუალური მეწარმე დაბა ჩაქვში, საცხოვრებელი სახლის ეზოში, კუსტარულად მოწყობილ სივრცეში ფრინველს სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდა.
"ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, საქმიანობის აღიარებამდე და რეგისტრაციამდე", - აღნიშულია ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე.