თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. საქართველოს და არაბთა გაერთიანებული საამიროებს შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა, საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერიმ, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.
მაკა ბოჭორიშვილმა საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერისთან შეხვედრა 30 აპრილს გამართა.
"შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში", - აღნიშულია ინფორმაციაში.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების დადებით დინამიკას. ასევე, აღინიშნა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების მნიშვნელობა.
მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე პროცესები და საქართველოსთან პარტნიორობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის კონტექსტში.
გამოითქვა არსებული თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურების მზაობა, აღნიშულია ინფორმაციაში.
საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ოქტომბერს დაამყარეს. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროში.
გაერთიანებული საამიროები არაბულ ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია.
საამიროებს საქართველოსთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს, რაც ასახულია ყოვლისმომცველ ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებაში. აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში ორივე ქვეყნის საექსპორტო პროდუქციის 95% გათავისუფლებულია გადასახადებისგან.
შეთანხმების თანახმად, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა გახსნა ბაზარი საქართველოში წარმოებული ისეთი პროდუქტებისთვის, როგორიცაა ძროხისა და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვები, უალკოჰოლო სასმელები, აზოტოვანი სასუქები, ტექსტილი და ა.შ.