გვჭირდება რეალისტური დღის წესრიგი - მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირთან ურთიერთობებზე

მინისტრმა განაცხადა, რომ მაღალი დონის შეხვედრების ფორმატი ევროკავშირის ინიციატივით გაიყინა.
Sputnik
თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. საქართველოს ევროკავშირთან სჭირდება რეალისტურ დღის წესრიგზე და არა გამოგონილ თემებზე დაფუძნებული პრაგმატული ურთიერთობები, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას „დემოკრატიის გზიდან გადახვევაში" და „ანტიდასავლურ რიტორიკაში" ადანაშაულებს. ხელისუფლება კი დასავლეთის უკმაყოფილებას ხსნის უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიციით და სურვილით - შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და ეროვნული იდენტობა.
„ჩვენ არ გვჭირდება ქება-დიდება, ჩვენ გვჭირდება რეალურ დღის წესრიგზე დაფუძნებული ურთიერთობები. არ გვჭირდება მოგონილი თემები, რადგან ეს რეალური დღის წესრიგიც არსებობს, განსაკუთრებით ევროკავშირთან ურთიერთობაშიც“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობებში არსებობს უამრავი მიმართულება თანამშრომლობისთვის, თუმცა მიმდინარე რიტორიკა და ევროპული სტრუქტურების გადაწყვეტილებები, მისი შეფასებით, რეალურ სიტუაციას აცდენილია.
„შესაბამისად, ეს არის მნიშვნელოვანი, დავბრუნდეთ რეალურ დღის წესრიგზე, რაც შეიძლება, არსებობდეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რადგან ეს არის ორივე მხარის ინტერესში“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის თქმით, ევროკავშირში ყველა აცნობიერებს თბილისთან დიალოგის საჭიროებას, მაგრამ ჯერჯერობით არ არსებობს ერთიანი პოზიცია მისი აღდგენის ფორმატთან დაკავშირებით. ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქართულ მხარეს არანაირი ისეთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რაც კონტაქტების შეჩერებას გამოიწვევდა.
„ეს იყო ევროკავშირის გადაწყვეტილება“, - განაცხადა მან.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირთან შემდგომი ურთიერთობების საკითხი დიალოგის აღდგენის ფორმატის მოძიებას მოიცავს, რომელიც, მისი თქმით, კვლავაც აქტუალურია.
„ამას ყველა კარგად აცნობიერებს, უბრალოდ კითხვის ნიშანი არის ერთადერთი - როგორ გავაკეთოთ ეს? გავიგეთ, რომ შეიძლება საჭიროა სახის შენარჩუნება, უჭირთ ნაბიჯის უკან გადადგმა. Მმაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში პრინციპულობა. ჩვენ ძალიან ბევრი რამ დაგვაბრალეს. Ძალიან მძიმე დეზინფორმაციული კამპანიები აწარმოეს ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების წინააღმდეგ, ეცადნენ, რომ მოეყენებინათ სერიოზული რეპუტაციული ზიანი“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს არ უთქვამს უარი დიალოგზე და ის არ არის პასუხისმგებელი მის გაწყვეტაზე.
„ჩვენ არ გვითქვამს უარი. მათ შეუძლიათ უბრალოდ თქვან, რომ იყო რაღაც ნაბიჯები გადადგმული, რაც იყო არასწორი“, - განაცხადა მინისტრმა.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.