თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის 2025–2026 წლების სეზონში უსმან დემბელეს რეკორდი დაამხო და გახდა „პარი სენ-ჟერმენის“ ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი ამ ტურნირის ერთ სეზონში.
კვარაცხელიამ ეს ისტორიული შედეგი 28 აპრილს, მიუნხენის „ბაიერნთან“ გამართულ პირველ ნახევარფინალურ მატჩში (5:4) შესრულებული დუბლით დააფიქსირა - ქართველმა ფეხბურთელმა „ბაიერნის“ კარში გოლები 24-ე და 56-ე წუთებზე გაიტანა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ფრანგული კლუბის მაისურით მიმდინარე სეზონში ჯამში 15 საგოლე მოქმედება დააგროვა - 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემა), რითაც გადაასწრო უსმან დემბელეს წინა სეზონის (2024–25) რეკორდს, რომელიც 14 ქულას (8 გოლი და 6 ასისტი) შეადგენდა.
ჩემპიონთა ლიგაზე საგოლე მოქმედებებით კვარაცხელიაზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ კილიან მბაპეს („რეალი") აქვს - 16.
კვარაცხელია ასევე გახდა პირველი ფეხბურთელი „პსჟ"-ს ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ზედიზედ ოთხ მატჩში შეძლო გოლის გატანა. მან აიღო „მონაკოს“, „ჩელსის“ (ორივე მატჩში) და „ლივერპულის“ კარი.
„პარი სენ-ჟერმენისსა" და „ბაიერნის" მატჩი პარიზში, „პარკ დე პრენსის“ სტადიონზე გაიმართა. ეს შეხვედრა გუნდების რიგით მე-16 ოფიციალური დაპირისპირება იყო ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე - საპასუხო შეხვედრას გუნდები უკვე მიუნხენში, 6 მაისს გამართავენ.
მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბუდაპეშტში 30 მაისს შედგება.