თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭოს ზურაბ პატარაძესა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას ნდობა გამოუცხადა - მთავრობის მეთაურის პოსტზე პატარაძის კანდიდატურას უმაღლესი საბჭოს 13-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
პატარაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილი შეცვალა, რომელიც 21 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა.
კენჭისყრამდე მან დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა გააცნო: დეტალურად ისაუბრა ყველა მიმართულებაზე, განხორციელებულ თუ დაგეგმილ პროექტებზე. პრიორიტეტად დაასახელა მოქალაქეების კეთილდღეობა და მათთვის ღირსეული პირობების შექმნა.
პატარაძემ მინისტრთა კაბინეტი უცვლელი დატოვა: აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ნინო ნიჟარაძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილი, აჭარის კულტურის მინისტრი - ელისო ბოლქვაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი - დენის სალუქვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - ედნარ ნატარიძე.
ოპოზიციის წევრებმა „გახარია საქართველოსთვის” პარტიიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობა არ მიიღეს.
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 23 აპრილს წარადგინეს.
ვინ არის ზურაბ პატარაძე
ზურაბ პატარაძეს აჭარის მთავრობაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს — იგი ავტონომიურ რესპუბლიკას 2016-2022 წლებში ხელმძღვანელობდა.
ზურაბ პატარაძემ, რომელიც 1973 წელს დაიბადა და წარმოშობით აჭარიდანაა, კარიერა ყაზახეთში საქართველოს ელჩის პოსტზე დაიწყო. 2000 წელს იგი აჭარის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურში მუშაობდა. 2004 წლიდან მოსკოვში საქართველოს საელჩოში მეორე მდივნის თანამდებობას იკავებდა და საკონსულო სამსახურს კურირებდა.
2007-2009 წლებში პატარაძე იყო რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის კონსული. მოგვიანებით საბერძნეთის ქალაქ სალონიკში საქართველოს გენერალური კონსულის თანამდებობა დაიკავა. 2012-2013 წლებში იყო საქართველოს ელჩის თურქეთში, 2013-2016 წლებში კი - ყაზახეთში. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, 2018 წელს გახდა საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, სადაც ბოლო დრომდე მსახურობდა.