თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. 2026 წლის მარტში საქართველოდან 14,3 მლნ დოლარის ღირებულების 1,3 ათასი ტონა თხილი იქნა ექსპორტირებული, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
თხილი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო კულტურაა, რომლის 70%-ზე მეტი ევროკავშირის ქვეყნებში გადის.
გასული წლის მარტთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა 8%-ით (113,3 ტონით) შემცირდა, თუმცა მისი ღირებულება 39%-ით (4 მლნ დოლარით) გაიზარდა.
ბოლო წლებში შეინიშნება როგორც თხილის ექსპორტის მოცულობის, ისე ფასის ზრდა, რაც გარჩეული თხილის მიწოდების მატებით არის განპირობებული.
ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირია (იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი), სადაც 2025 წლის 1-ელი აგვისტოდან 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით ექსპორტირებულია 10,7 ათასი ტონა თხილი.
ამასთან, 1,1 ათასი ტონა თხილი ასევე ექსპორტირებულია სირიაში, 557 ტონა – რუსეთში, 515 ტონა - სომხეთსა და სხვა ქვეყნებში.
დარგის დახმარება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან თხილის მწარმოებელი ფერმერების დახმარების პროგრამა აღარ გრძელდება.
თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა როგორც მცირე, ისე მსხვილი ფერმერული მეურნეობების დახმარებას, საქართველოში 2022 წლის ნოემბერში ამოქმედდა.
პროგრამის ფარგლებში ყველა ფიზიკური პირი, რომლის მფლობელობაში ან სარგებლობაშია 0,2-დან 3 ჰექტარამდე ფართობის თხილის პლანტაციები, სახელმწიფოსგან 1 ჰექტარზე 500 ლარის ოდენობით სუბსიდირებას იღებდა. პროგრამის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 20 მლნ ლარი იყო.
სახელმწიფო დახმარება დარგისთვის აუცილებელი გახდა, რადგანაც 2017 წელს აზიური ფაროსანას გავრცელების გამო თხილის წარმოების მოცულობა, ხარისხი და ექსპორტი შემცირდა. მავნებლების წინააღმდეგ მასშტაბურმა ზომებმა, რომლებიც დღემდე გრძელდება, შედეგი გამოიღო.