თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 912 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გამოვლენილი გარემოს დაბინძურების ფაქტების სტატისტიკა ასეთია:
364 - მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება;
111 - სამშენებლო ან სხვა ინერტული მასალით გარემოს დანაგვიანება;
159 - მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში წვა;
31 - კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება;
21 - ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება/დაბინძურება;
63 - კომპანიის ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სპეციალური ვალდებულებების შეუსრულებლობა;
20 - სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, 143 კი - სხვა დარღვევა.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, ნარჩენების მართვის ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია.
დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.