თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. 2026 წლის პირველ კვარტალში მართვის მოწმობის გამოცდა წარმატებით ჩააბარა და მართვის მოწმობა მიიღო 897 ადამიანმა, ნათქვამია საქართველოს შსს-ს განცხადებაში.
ამ პერიოდში მძღოლი გახდა 897 ადამიანიდან 689 იყო 16 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქე.
ყველაზე ხანდაზმული, ვინც მართვის მოწმობა აიღო, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები 73 წლის ქალი და იმერეთში მცხოვრები 70 წლის მამაკაცია - აღნიშნულმა პირებმა გამოცდა პირველივე ცდაზე ჩააბარეს.
საქართველოს მოქალაქეების გარდა, მართვის მოწმობა ასევე აიღეს აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, ბელარუსის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ეგვიპტის, თურქეთის, თურქმენეთის, იემენის, ისრაელის, ირანის, იორდანიის, რუსეთის, ყაზახეთის, უნგრეთის, უკრაინის, ტუნისის, სირიის და ტრინიდადისა და ტობაგოს მოქალაქეებმა.
საქართველოში გაცემული მართვის მოწმობები აღიარებულია ესპანეთში, საბერძნეთსა და ირლანდიაში, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია საქართველოში გაცემული მართვის მოწმობის ამ ქვეყნების მართვის მოწმობაზე გაცვლა გამოცდის გარეშე. ამჟამად იტალიაში მართვის მოწმობების აღიარებასთან დაკავშირებით დისკუსია მიმდინარეობს.
საქართველოში ავტომობილის მართვის მოწმობა გაიცემა 16 წლიდან, ამასთან 16 წლის ასაკში შესაძლებელია მოპედის, კვადროციკლის და ტრიციკლის მართვის მოწმობის აღება. 17 წლიდან შესაძლებელია 125 კ3 სმ ნაკლები მოცულობის ძრავის მოტოციკლის, მსუბუქი ავტომობილის (მგზავრთა გადაყვანის და ტაქსის მძღოლად მუშაობის უფლების გარეშე) და ტრაქტორის მართვის მოწმობის აღება.
საქართველოში მართვის მოწმობის მიღება სამი საგამოცდო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი. პირველი ეტაპი გულისხმობს თეორიულ გამოცდას, მეორე - სპეციალური მანევრების წარმატებით შესრულებას დახურულ მოედანზე. ამის შემდეგ მძღოლობის კანდიდატი გადადის მესამე ეტაპზე – მისი გამოცდა რეალურ საგზაო პირობებში ეწყობა. მართვის მოწმობის მიღება სამივე ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.
2025 წლის მაისის ბოლოდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მართვის მოწმობის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ მათ აქვთ ბინადრობის ნებართვა ან ქვეყანაში 185 დღეზე მეტი ხნით ყოფნის დამადასტურებელი მოწმობა. გამონაკლისს წარმოადგენენ დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლები, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ აკრედიტაციის ბარათის ასლი.