საქართველოს პარლამენტი ახალი სახელმწიფო უწყების ჩამოსაყალიბებლად ცვლილებებს განიხილავს

ახალ სტრუქტურას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი უფროსი მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.
Sputnik
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარდგენილია კანონში „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ ცვლილებები, რომელიც ახალი უწყების — სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნას ეხება, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარადგინეს.
საქართველოს მთავრობაში ახალი სტრუქტურა - სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქმნება, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი უფროსი მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს. მდინარაძე, პარალელურად, ვიცე-პრემიერის პოზიციასაც დაიკავებს. ახალი სახელმწიფო უწყების ჩამოსაყალიბებლად საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები — კანონში „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ შესაბამის შესწორებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით მიიღებს.
პროექტი ითვალისწინებს გარდამავალ დებულებას: მთავრობამ უნდა განსაზღვროს ახალი სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებები და საქმიანობის სფერო, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს კანონქვემდებარე აქტები.
განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის ეფექტიანობის ასამაღლებლად საჭიროა მთავრობის ფარგლებში ერთიანი საკოორდინაციო მექანიზმის არსებობა.
მან უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის გაცვლა, ერთობლივი ოპერაციების კოორდინაცია, უწყებების მუშაობის ეფექტიანობის შეფასება და გამოწვევებზე ოპერატიული რეაგირება. ასევე, გათვალისწინებულია კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში ურთიერთქმედება პროკურატურასთან, მაკონტროლებელ ორგანოებსა და სასამართლო სისტემასთან.
საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტის კომიტეტებში, მათ შორის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ, რის შემდეგაც პროექტი, შესაძლოა, პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე გავიდეს
მამუკა მდინარაძე სუს-ის უფროსად 2025 წლის სექტემბერში დაინიშნა. ამ პოზიციაზე ყოფნისას მან საზოგადოებას არაერთი კორუფციული სკანდალის, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისა და უცხოური ძალების მხრიდან ზეგავლენის მოხდენის ფაქტების გამოვლენით დაამახსოვრა თავი.