თბილისი, 26 აპრილი - Sputnik. წარმოუდგენელია ასეთი განცხადება გააკეთოს იმ ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რომლის საფუძველიც დემოკრატიული უნდა იყოს, ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი არჩილ გორდულაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას.
ქართული ტელეარხების ცნობით, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, რომელიც ბრიუსელში ფოტოგამოფენას „საქართველო ფოკუსში“ დაესწრო, განაცხადა, რომ ქვეყანა „არასწორ ტრაექტორიაზეა“. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდება და არა თავის „ბნელ წარსულს“.
„ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, რომ ევროპა უნდა დაბრუნდეს ევროკავშირში, რომელიც მთლიანად დაცლილია დემოკრატიისგან, ერების პატივისცემისგან. ერთ ადამიანს მეორე შეცვლის, მთავარია მის უკან მდგომ პირებში დამოკიდებულება შეიცვალოს, რათა რეალური ურთიერთობა ჩამოყალიბდეს სახელმწიფოებს შორის“, - განაცხადა გორდულაძემ.
ჰერჩინსკის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, ევროკავშირის ელჩისგან კითხვებზე პასუხებს ელოდება საქართველოს ხელისუფლება - სწორედ ამ მოტივითაა დაბარებული ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.