თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გაკეთებული განცხადებები და ცხრა პარტიისგან შემდგარი ოპოზიციური ალიანსის ქმედებებით მისი უკმაყოფილება პარტიათა გაერთიანების უთანხმოების ახალი მიზეზი გახდა.
ალიანსში შედიან პარტიები, რომლებიც ღიად აცხადებენ თავიანთ პროდასავლურ კურსს: „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „გირჩი“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და „თავისუფლების მოედანი“. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“, „თავისუფლების მოედნის“ და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის გარდა, ყველა დანარჩენი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა ლიდერებმა დააარსეს.
ციხეში მყოფმა სააკაშვილმა ალიანსის კრიტიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც შეიტყო ოპოზიციის პირველი გეგმები 26 მაისის საპროტესტო აქციისთვის მზადების შესახებ და თავისი მოკავშირეები უმოქმედობაში დაადანაშაულა. მან განაცხადა, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს „ხალხი სძულთ“ და არ სურთ თავიანთი კომფორტის ზონის დატოვება. ამ განცხადებამ ალიანსის ლიდერები გააბრაზა. მათი თქმით, სააკაშვილი ცდილობს მათ პირობები უკარნახოს და სხვის აზრს პატივს არ სცემს.
„ნაციონალური მოძრაობა“ არ იყო და ვერც იქნებოდა. „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასდროს იქნება ისეთი გაერთიანების ნაწილი, რომელიც ანტიმიშას პოზიციებს ითავსებს ან ასხივებს“, - განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ.
თუმცა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჯერ არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, დატოვებს თუ არა ალიანსს. თუმცა, პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა, უკვე ღიად გააკრიტიკა თავისი მოკავშირეები ალიანსიდან და მოუწოდა მათ: „რომ ეზომებით მიხეილ სააკაშვილს, ან სიმაღლე გქონდეთ მისი ან საქმე გაგეკეთებინოთ ვიღაცას“.
ალიანსში კი დარწმუნებული არიან, რომ „ნაცმოძრაობის“ გადაწყვეტილება მხოლოდ დროის საკითხია.
„განცდას მიტოვებს, რომ გადაწყვეტილება მიღებული აქვთ, რომ გასვლას აპირებენ... ცარიელ ადგილზე ატეხილი ქარიშხალია“, - განაცხადა პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.
„ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა „ნაცმოძრაობას“ ღია ტექსტით მიანიშნა, რომ კარი ღიაა.
„ვისაც „ალიანსში“ შემავალი პარტიების ზომა, წონა აინტერესებს, გაითვალისწინოს, რომ ვინც გვიერთდება, თავად გვეტოლება და არა პირიქით. ვისთვისაც თანასწორი პარტნიორობა მიუღებელია, იმას არც „ალიანსში“ ესაქმება რამე და კარი ფართოა“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
„ქართული ოცნების“ წინასწარმეტყველება
მმართველ პარტიაში გაერთიანების ლოგიკურ დასასრულს ხედავენ.
„გაერთიანების საერთო იდეა როდესაც არ გაგაჩნია, ეს ყველაფერი ხელოვნურია. რა თქმა უნდა, დიდი ხანი ვერ გასტანს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა.
ამასთან ი დარწმუნებულია, რომ დანარჩენი ოპოზიცია სააკაშვილთან დაპირისპირებას წააგებს.
„ამ შემთხვევაში უპირისპირდებიან სააკაშვილს, რომელიც ამ დანარჩენი „მიშისტების“ შემქმნელია. სააკაშვილთან დაპირისპირება არ გამოვა, რადგან ამ ალიანსში ყველაზე დიდი პარტია „ნაციონალური მოძრაობაა“, - აღნიშნა მან.
ოპოზიციის გეგმები
ამასობაში, ყველა უთანხმოების მიუხედავად, ოპოზიციური ალიანსი აქტიურად აგრძელებს მზადებას 26 მაისის საპროტესტო აქციისთვის. უკვე 10 მაისისთვის ალიანსი გეგმავს აგიტაციის რეგიონებში გადატანას და საზოგადოებასთან აქტიურ შეხვედრებს, ხოლო ოპოზიციის ლიდერებმა პოლიტიკური დღის წესრიგის განსახილველად დიპლომატიურ სექტორთან შეხვედრები დაიწყეს.
თუ 2024 წლის ბოლო საპარლამენტო არჩევნებს განვიხილავთ, როგორც ბოლო არჩევნებს საქართველოში პარტიული ბოიკოტის გარეშე, „კოალიცია ცვლილებებისთვის“, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორმა ყოფილმა წევრმა, ნიკა გვარამიამ და ნიკა მელიამ დააარსეს, ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერით სარგებლობს. მან ფაქტობრივად „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული აქტივის დიდი ნაწილი „გადაიბირა“. თავად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რეიტინგში მხოლოდ მეორე ადგილზეა.
ამასთან, ნიკა გვარამიას „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ამჟამად ფინანსური მხარდაჭერით „ნაციონალურ მოძრაობას“ უსწრებს.
დანარჩენ პარტიებს პრაქტიკულად არანაირი პოლიტიკური ავტორიტეტი არ აქვთ და ისინი ალიანსებსა და კოალიციებში მოქმედებენ.