თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები ამჟამად ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ პანკინმა.
დიპლომატმა შეაფასა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში.
„ისინი (ურთიერთობები - რედ.) ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ეს ჩემი შეფასება არაა. ჩვენი ხელისუფლება ასე აღწერს მათ და ეს საშინელებაა“, - თქვა პანკინმა.
ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის პირდაპირი კონტაქტები, რომელიც 2025 წელს ანკორიჯში შედგა, ნაყოფიერი იყო.
მინისტრის მოადგილის თქმით, სირთულე, სავარაუდოდ, არაპროგნოზირებადობაშია.
„დილით შეიძლება ერთი რამ მოვისმინოთ, საღამოს კი - სხვა რამ, საპირისპირო, ან მეორე დღეს - ქმედებები, რომლებიც ორივეს ეწინააღმდეგება. ასე რომ, არაპროგნოზირებადობის მაღალი დონე ყველაზე დიდი პრობლემაა“, - თქვა პანკინმა.
რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა „სამი სამზე“ ფორმატში 15 აგვისტოს, ანკორიჯში (ალასკა, აშშ) მდებარე ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე შედგა და ორ საათსა და 45 წუთს გაგრძელდა. მოლაპარაკებათა ძირითადი თემა იყო უკრაინაში არსებული სიტუაციის დარეგულირების საკითხი.
ორივე ლიდერმა შეხვედრა დადებითად შეაფასა.