თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს სამ მოქალაქეს, რომლებიც უცხოური სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობაში არიან ბრალდებულნი, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლოს სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, პროცესის ყველა მონაწილემ გაუთქმელობაზე ხელი მოაწერა.
შპიონაჟში ბრალდებული სამი პირიდან დაკავებულია მხოლოდ ერთი, ორი პირი უცხოეთში იმყოფება.
სისხლის სამართლის საქმეზე შეგროვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დაკავებული პირი გადაიბირა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურმა და მას მიენიჭა შესაბამისი ფსევდონიმი. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომელი საქართველოს მოქალაქეს გარკვეული ფულადი თანხის მიღების სანაცვლოდ, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, ავალებდა სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციის შეგროვებას უცხოური სპეცსამსახურისთვის გადაცემის მიზნით.
გამოძიებით დადგენილია, რომ ჯაშუშობისთვის დაკავებულ პირს დავალებული ჰქონდა საქართველოში ინფორმაციის შეგროვება შემდეგი მიმართულებით:
საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს დისლოკაციის ადგილების, ძალებისა და საშუალებების შესახებ. ასევე, მათი დისლოკაციის ადგილების ფოტო და ვიდეოგადაღება.
საქართველოში სტრატეგიული ობიექტების - მათ შორის ხიდების, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების და სხვა დანიშნულების ობიექტების განთავსების შესახებ, ასევე აღნიშნული ადგილების ფოტო, ვიდეოგადაღება და სხვა.
სუსმა შპიონაჟში ამხილა საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე, რომლებიც ასევე მუშაობდნენ აღნიშნულ სპეცსამსახურზე.
უწყებაში არ აკონკრეტებენ, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურებზე მუშაობდნენ საქართველოს მოქალაქეები.
სამივეს ბრალდება ჯაშუშობისთვის წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც რვიდან თორმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ეს მუხლი ითვალისწინებს უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნივთის, დოკუმენტის, ცნობის ან სხვაგვარი მონაცემის შეგროვებას, შენახვას ან გადაცემას ანდა გამოძალვას ან გატაცებას მათთვის გადაცემის მიზნით, აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვებას ან გადაცემას.
მიმალვაში მყოფი პირების მიმართ ინტერპოლის მეშვეობით გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა.