თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. დედოფლისწყაროში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლების დაზიანების ფაქტები გამოვლინდა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
კერძოდ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედში სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული ქარსაფარი ზოლების ტერიტორიის თვითნებური ათვისებისა და დაზიანების შემთხვევები მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულმა სააგენტომ მიწათსარგებლობის მონიტორინგის განხორციელებისას დააფიქსირა.
"სპეციალისტების მიერ სამი მიწის ნაკვეთის ადგილზე გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ სრულად არის ათვისებული და მოხნული ქარსაფარი ზოლის ორი მიწის ნაკვეთი, ჯამში 2,94 ჰექტარი, ხოლო მესამე მიწის ნაკვეთზე, რომლის ფართობი 2,13 ჰექტარია, ფიქსირდება მიწის ზედაპირის დაზიანება, სადაც ტექნიკის გამოყენებით გაყვანილია 479 კვ მ ფართობის ხელოვნური თხრილი", - აღნიშულია ინფორმაციაში.
როგორც უწყებაში განმარტავენ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, ქარსაფარი ზოლის სტატუსით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე ვრცელდება "ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები.
"აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს კანონდარღვევას, რაც ზიანს აყენებს რეგიონის ეკოსისტემას და პირდაპირ ეწინააღმდეგება ქარსაფარი ზოლების ფუნქციურ დანიშნულებას", - აღნიშულია ინფორმაციაში.
შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, დარღვევის ამსახველი სრული დოკუმენტაცია გადაეგზავნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს.