საქართველოში კვლავ ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავენ

საქართველო შვიდი წლის შემდეგ ელექტრომობილების ქარხნის შექმნის იდეას უბრუნდება
Sputnik
თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთავრობა ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობის იდეას კვლავ მიუბრუნდა - საწარმოს შექმნის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა უკვე შეკვეთილია.
საქართველოს ხელისუფლებამ ქუთაისში, საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში, ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობის გეგმების შესახებ 2019 წლის გაზაფხულზე განაცხადა. ქართულმა ჰოლდინგურმა კომპანია AiGroup-მა ჩინურ კონსორციუმ Changan Automobile-თან შესაბამისი მემორანდუმი გააფორმა. თუმცა, 2020 წელს მშენებლობა ჯერ პანდემიის გამო გადაიდო, შემდეგ კი საერთოდ გაუქმდა.
დოკუმენტის მიხედვით, კვლევის მიზანი საქართველოში ელექტრომობილების (EV) წარმოების დაწყების მიზანშეწონილობის შეფასებაა, განსაკუთრებული ფოკუსით ქუთაისზე, როგორც ინდუსტრიულ ცენტრზე, რომელსაც აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკური წვდომა პორტებთან და რეგიონულ ბაზრებთან.
ხელშეკრულება სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ შპს „ბიდიო კონსალტინგთან“ გააფორმა. ხელშეკრულების ღირებულება 141.600 ევროს ეკვივალენტია ლარში. კვლევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის ვადაში და საბოლოო შედეგი წარმოდგენილი იქნება არაუგვიანეს 2026 წლის 31 ივლისისა.
პროექტზე მუშაობაში „ბიდიო კონსალტინგთან“ ერთად ჩართული არიან მისი ქვეკონტრაქტორები, მათ შორის საერთაშორისო კომპანიები — BDO China და CACI (Jilin) Technology Service, რაც კვლევის გლობალურ კომპონენტზე მიუთითებს.
ტექნიკური დავალების მიხედვით, კვლევა მოიცავს ბაზრის მოთხოვნის ანალიზს როგორც საქართველოში, ისე რეგიონულ და საექსპორტო ბაზრებზე, ტექნოლოგიური კონფიგურაციების შეფასებას (მათ შორის CKD/SKD ან სრული წარმოება), მიწოდების ჯაჭვის ანალიზს და ფინანსური მოდელის მომზადებას. მთავრობას უნდა წარედგინოს დასაბუთებული არგუმენტაცია ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის განხორციელებადობის შესახებ.
გარდა ამისა, კონსულტანტმა უნდა შეაფასოს პროექტის ეკონომიკური ეფექტი, მათ შორის დასაქმებაზე, ექსპორტზე და ბიუჯეტურ შემოსავლებზე გავლენა და განსაზღვროს სახელმწიფოს შესაძლო მონაწილეობის ფორმები, როგორიცაა საგადასახადო შეღავათები ან ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა.
საქართველოში ელექტრომობილების ქარხნის აშენების იდეა პირველად 2016 წელს გაჩნდა. მთავრობის გეგმების თანახმად, ქარხნის ამოქმედების შემდეგ, ქვეყნის ავტოპარკის 90% ათი წლის განმავლობაში ელექტრომობილებს უნდა ჩაენაცვლებინა.
მაშინ ელექტრომობილების ქარხნის აშენების მიმართ ინტერესი გამოხატა სხვადასხვა ჩინურმა კომპანიამ, რომლებსაც წარმოებისთვის საჭირო ნედლეული უნდა მოეწოდებინათ.