კორუფციასთან ბრძოლა როგორც პრიორიტეტი - სუსის ანგარიში

Sputnik
კანონის უზენაესობის წლევანდელ ინდექსში საქართველო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყანად არის მიჩნეული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 54 საქმეზე და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 104 პირი, ნათქვამია სუსის ანგარიშში.
კორუფცია მოიცავს არა მხოლოდ მექრთამეობას, არამედ სხვადასხვა სახის თაღლითობას, ასევე სხვა დანაშაულებს, რომლებიც დაკავშირებულია თანამდებობის პირის მიერ უკანონო სარგებლის მიღებასთან.
სუსის ინფორმაციით, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეები უკავშირდება ისეთ დანაშაულებს, როგორებიცაა ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, სამსახურებრივი სიყალბე და სხვა.
„2025 წელს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხაზს უსვამს, რომ საქართველოში მოქალაქეთა ჩართულობა თანამდებობის პირთა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში გაიზარდა. 2025 წელს სააგენტომ მოქალაქეთა 156 საჩივარი მიიღო, რომელთაგან 15-ს სუს-ის თანამშრომლები იძიებდნენ, ხოლო 48 სხვა უწყებებს გადაეგზავნათ. კიდევ 66 საჩივარი განხილვის პროცესშია.
კორუფციასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების გარდა, სუსი ასევე აწარმოებს კორუფციის რისკებისადმი მოწყვლადი სფეროებისა და სამსახურების ანალიზს, რაც პრობლემის მოგვარების ყოვლისმომცველი ზომების მიღების საშუალებას იძლევა.
კანონის უზენაესობის წლევანდელ ინდექსში, რომელიც ძირითად ფაქტორად კორუფციისგან თავისუფლებას ითვალისწინებს, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყანად არის მიჩნეული.