თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინეს.
ზურაბ პატარაძე პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად წარადგინა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის საფუძველზე მიიღო.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, ზურაბ პატარაძე კარგად იცნობს აჭარას და დარწმუნებულია, რომ ის, ცოდნასა და მდიდარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, კვლავაც ეფექტიანად გააგრძელებს საქმიანობას რეგიონის საკეთილდღეოდ.
„ზურაბ პატარაძეს აქვს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის წლების განმავლობაში ნაყოფიერად და წარმატებით მოღვაწეობდა დიპლომატიურ სამსახურში, სადაც ღირსეულად იცავდა საქართველოს ინტერესებს საერთაშორისო ასპარეზზე. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, 2016-2018 წლებში სწორედ პატარაძის სახელს უკავშირებდა რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტის განხორციელება.
„ბატონი ზურაბი გახლავთ აჭარელი, ის ზედმიწევნით კარგად იცნობს ამ მხარის საჭიროებებსა და მის პოტენციალს. დარწმუნებული ვარ, საკუთარ ცოდნასა და მდიდარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, იგი კვლავაც ეფექტიანად გააგრძელებს საქმიანობას რეგიონის საკეთილდღეოდ. მინდა, წარმატებები ვუსურვო ბატონ ზურაბს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, აჭარის მართვის საქმე „საიმედო ხელში იყოს“.
„ზურაბ პატარაძის თავმჯდომარეობის პირობებში ძალიან ბევრ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ჩაეყარა საფუძველი. მისი საქმიანობის წლები იყო გამორჩეულად წარმატებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის. ის ასევე არის გამორჩეული დიპლომატი, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში. მინდა, გამოვარჩიო მისი საქმიანობა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ელჩის თანამდებობაზე. სწორედ მისი ელჩობის პირობებში, ახალ ეტაპზე გადავიდა ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები და ამაში ზურაბ პატარიძეს განსაკუთრებული პირადი წვლილი მიუძღვის. მადლობა მას წარსულში გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებებს ვუსურვებ. ის იქნება ძალიან გამორჩეული, ღირსეული მთავრობის თავმჯდომარე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ჩვენი ქვეყნის ეს ულამაზესი მხარე ახალ და ძალიან დიდი წარმატებებს მიაღწევს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა სულხან თამაზაშვილს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს.
ღონისძიება პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები დაესწრნენ.
ზურაბ პატარაძე ამ დრომდე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის თანამდებობას იკავებდა, 2016-2018 წლებში კი იკავებდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე პატარაძე სულხან თამაზაშვილს შეცვლის, რომელიც 21 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა.